პუტინმა ტრამპს აცნობა, რომ მზად არის შეაჩეროს ომი მთლიანი დონბასის სანაცვლოდ

ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის შეაჩეროს ომი მთელი დონბასის სანაცვლოდ, მათ შორის იმ რაიონების, რომლებიც მისმა არმიამ ვერ დაიპყრო.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, პუტინის "უცვლელი" მოთხოვნის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა უკვე აცნობა ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
- წყაროების ცნობით, ომის შეჩერების სანაცვლოდ პუტინი დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციული ოლქებიდან უკრაინული არმიის გასვლას ითხოვს.
- ამის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის "გაყინოს" ფრონტის ხაზი ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქებში - წყაროების ცნობით, პუტინი ასევე არ განიხილავს ნაწილობრივ ოკუპირებული და რუსეთის კონსტიტუციაში დაფიქსირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანას.
- უცნობია მზად არის თუ პუტინი გაიყვანოს ჯარები სუმის, მიკოლაივისა და ხარკივის ოლქებში დაკავებული ტერიტორიებიდან.
Big Picture: New York Times წერს, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების ასეთ ვარიანტს მხარს დაუჭერდა.
- ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის შესახებ მცოდნე წყაროები გაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ უკრაინელი პრეზიდენტი არ დათანხმდება დონბასიდან ჯარების გაყვანას, თუ მზად იქნება ტერიტორიული საკითხების განსახილველად 18 აგვისტოს დონალდ ტრამპთან, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე.
- Financial Times-ის წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის მზად არის ტერიტორიების საკითხი პუტინთან და ტრამპთან სამმხრივ შეხვედრაზეც განიხილოს.
- ალასკაში გამართული შეხვედრის შედეგად გამოჩნდა, რომ პუტინი კვლავ მაქსიმალისტურ პოზიციებს ინარჩუნებს, რაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე აკრძალვას გულისხმობს.
Zoom In: ამ დროისთვის რუსეთის საოკუპაციო არმია დონეცკის ოლქის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს, თუმცა ოლქის დასავლეთში მდებარე კრამატორსკ-სლოვიანსკის მსხვილი აგლომერაცია ჯერ კიდევ უკრაინული არმიის კონტროლქვეშაა.
- სამხედრო ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ აგლომერაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ლოჯისტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
Go Deeper: მელონის თქმით, ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიას