"ქაღალდის დათვი არ არსებობს"- კრემლი ტრამპის შეცვლილ რიტორიკას პასუხობს

დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე შეცვლილ პოზიციას, ხისტად ეხმაურებიან მოსკოვში და აცხადებენ, რომ ქაღალდის დათვები არ არსებობენ - თავის პოსტში ამერიკელმა პრეზიდენტმა რუსეთს ქაღალდის ვეფხვი უწოდა.
ვითარების არსი: მოსკოვიდან გავრცელებული პირველი განცხადებები კრემლის გაბრაზებაზე მიანიშნებს - სულ ცოტა ხნის წინ პუტინის გარემოცვა ალასკაში მათი პრეზიდენტისთვის მოწყობილ "თბილი მიღებაზე" საუბრობდა.
- პირველი ტრამპს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ცხოველებიდან ყველაზე მეტად რუსეთი მაინც დათვთან ასოცირდება - "ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ"- განაცხადა პესკოვმა.
- პუტინის პრესსპიკერი, ასევე გამოეხმაურა ტრამპის მცდელობას აიძულოს ევროპული ქვეყნები შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა - პესკოვი ამბობს, რომ ამის უკან დგას ამერიკელი პრეზიდენტის სურვილი გააძლიეროს თავისი ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის პოზიციები.
ჩაშლილად: ტრამპის რიტორიკის ცვლილებაში უჩვეულო ვერაფერი დაინახა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
- მედვედევის თქმით, ტრამპის შეცვლილი რიტორიკა იმით არის განპირობებული, რომ "ალტერნატიული რეალობის დოზა მიიღო" - მისი თქმით, ტრამპი აუცილებლად დაუბრუნდება თავდაპირველ პოზიციებს - "ის ყოველთვის ბრუნდება",- წერს მედვედევი.
- ამერიკელი პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა პროპაგანდისტული RT-ის დირექტორის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, "მხოლოდ და მხოლოდ საკარნავლო ტრიუკია."
- სიმონიანი ტრამპს "ტაროს ბანქოს მკითხავს ადარებს, რომელიც სამჯერ განათხოვარ ქალს ჰპირდება, რომ ერთ დღესაც ის მილიარდერ პრინცს შეხვდება."
სტრიქონებს შორის: ტრამპის შეცვლილ რიტორიკას მიესალმებიან ევროპაში და ამბობენ, რომ ამას კონკრეტული და გადამწყვეტი შესაბამისი ქმედებები უნდა მოჰყვეს.
- თავად უკრაინელი პრეზიდენტი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით შეცვლილია და ის აღარ ემხრობა მიწების გაცვლას.
- დადებითი გამოეხმაურება მოჰყვა ამერიკელი პრეზიდენტის პასუხს Fox News-ის ჟურნალისტის კითხვაზე - უნდა ჩამოაგდონ თუ არა ევროპულმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს არღვევენ.
- ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას დადებითად უპასუხა - "მიღებულია"- დაწერა პოლონეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა ტრამპის კომენტარის გაზიარების პოსტზე.
კონტექსტი: ნიუ-იორკში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ უკრაინას მიმდინარე ომში გამარჯვება შეუძლია, თუმცა ამისთვის მისი თქმით, საჭიროა ევროკავშირის მხარდაჭერა.
- ტრამპის თქმით, რუსეთის 3.5 წელია აგრძელებს უაზრო ომს, რომელიც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაში უნდა დაესრულებინა - "სინამდვილეში რუსეთი ისე გამოიყურება როგორც ქაღალდის ვეფხვი."
- ტექსტის დიდი ნაწილი რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს ეთმობა, ტრამპი რუსეთში შექმნილ ბენზინის დეფიციტსაც ახსენებს და ხალხის უკმაყოფილებას ზრდას პროგნოზირებას, როდესაც "აღმოაჩენენ, რომ მათი ფული ომზე იხარჯება."
- ამასთანავე ამერიკელი პრეზიდენტი არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ რას გააკეთებს ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად და ხაზს უსვამს, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს შეიარაღების მიყიდვას ნატოსთვის.