Reuters: ტრამპი პირველად გამოიყენებს უფლებამოსილებას უკრაინაში იარაღის გასაგზავნად

დონალდ ტრამპი პირველად გამოიყენებს საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილებას (PDA) უკრაინისთვის შეიარაღების გადასაცემად - აქამდე უკრაინა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ შეიარაღებას იღებდა.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს - წყაროების ცნობით, შეიარაღებას უკრაინა შეერთებული შტატების არსენალიდან მიიღებს და მისი ღირებულება შესაძლოა 300 მილიონ დოლარს გაუტოლდეს.
- შეიარაღების პაკეტში შესაძლოა შევიდეს სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი იარაღი, მათ შორის, საზენიტო რაკეტები PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და ასევე იერიშისთვის განკუთვნილი საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტები - თუმცა წყაროების ცნობით, პაკეტის შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.
- ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებაში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებული ბიუჯეტის ნაშთი თითქმის 4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის გახარჯვაც წინა ადმინისტრაციამ ვერ მოასწრო.
- წყაროების ცნობით, აღნიშნულ შეიარაღებას უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს, რადგანაც არსენალები ევროპის ტერიტორიაზე მდებარეობს.
Big Picture: წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა არსებული ფორმით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას - უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპი ხშირად ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებდა.
- მიუხედავად ამისა, ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია მკაფიოდ უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა ვლადიმირ პუტინთან გამართული რიგით მეექვსე სატელეფონო საუბრის შემდეგ.
- სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია პუტინის ქმედებებით და მასთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
- უკვე მომდევნო დღეს, 8 ივლისს გამართულ კაბინეტის სხდომაზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით შეიარაღებას გაუგზავნიდა.
- "სიმართლე გითხრათ, პუტინისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ, ის თითქოს ყოველთვის ზრდილობიანია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ უაზრობაა"- განაცხადა ტრამპმა.
- "დიახ, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწევს, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა"- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
Context: რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში ჯამურად ამერიკის კონგრესმა უკრაინას 175 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო, რითიც უმსხვილესი დონორი ქვეყანაა.