რუბიო "ოცნებას" ანტი-ამერიკულ მთავრობას უწოდებს და შესაბამის ზომებზე მიუთითებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ დროისთვის ამუშავებს საპასუხო ზომებს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით.
State Of Play: ამის შესახებ რუბიომ კონგრესში, ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა - სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატების ინტერესში "არ არის ანტი-ამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან კორიდორში.
- ჯო უილსონი დაინტერესდა, თუ რას მოიმოქმედებდა ტრამპის ადმინისტრაცია რათა "ანტი-ამერიკულ ოცნებას გადაახდევინოს ფასი ქართველი ხალხის სახელით?
- "დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი - უპირველესია აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს",- განაცხადა რუბიომ.
- მდივნის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ კიდევ მუშაობს კონკრეტულ ნაბიჯებზე და დღეისთვის ამაზე საუბარი ნაადრევია - რუბიოს თქმით იქნება მჭიდრო კოორდინაციო ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ბიუროებთან, "რათა გავიგოთ რა ზომებზე ექნება რეაგირება ანტი-ამერიკულ მთავრობას."
Big Picture: ეს სახელმწიფო მდივნის რანგში, მარკო რუბიოს მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული პირველი ოფიციალური კომენტარია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ასახავს.
- წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობები გადაიტვირთებოდა და რომ პარტნიორობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დააზიანა, რომელიც მათივე ჯერ "გლობალური ომის პარტიისგან" ხოლო მოგვიანებით "დიპ სტეიტისგან" იმართებოდა.
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წერილით მიმართა დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს - წერილში ოცნების ლიდერი გამოთქვამდა მზაობას გადაეტვირთათ ურთიერთობები ვაშინგტონთან და ხაზგასმული იყო "ფასეულობით და იდეოლოგიური თანხვედრა."
Context: საყურადღებოა, რომ რუბიო სახელმწიფო მდივნის გარდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებსაც ასრულებს - რუბიო ჰენრი კისინჯერის შემდეგ პირველი დიპლომატია, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი პოსტი შეითავსა.
- ამერიკული პრესა ბოლო კვირებში მარკო რუბიოს გაზრდილი გავლენის შესახებ წერს და წყაროების ცნობით, რუბიოს და ტრამპის "შესანიშნავი" ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ.
- რუბიოს დაწინაურებაზე მეტყველებს ისიც, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის რამდემიჯერ დაასახელა რესპუბლიკური პარტიის მომავალი საპრეზიდენტო შესაძლო კანდიდატების რიცხვში.
Go Deeper: ტრამპის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორების პოზიციები საქართველოზე
Break It Down: ოცნება დალაგების მოლოდინში - როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა საქართველოსთან