საოკუპაციო არმიამ სივერსკი დაიკავა - დონბასის დაცვისთვის მნიშვნელოვანი ქალაქი
რუსეთის საოკუპაციო არმიამ ქალაქი სივერსკი დაიკავა, რომელიც, სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ჩრდილოეთ დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებული თავდაცვის სარტყელში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა.
ვითარების არსი: სივერსკიდან უკრაინული ჯარების გასვლის შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა გუშინ, 23 დეკემბერს გამოაცხადა - მიზეზად მებრძოლთა სიცოცხლისა და დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება სახელდება.
- უკრაინული გენშტაბის შეფასებით, ქალაქის დაკავება რუსეთმა მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობისა და მცირე ჯგუფების მეშვეობით წნეხის პროეცირების წყალობით მოახერხა.
- ამასთანავე, უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინული არმია კვლავ ინარჩუნებს ქალაქზე საცეცხლე კონტროლს.
დაეწიე ამბავს: აღნიშნული ქალაქის დაკავების შესახებ რუსმა გენერლებმა ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ 11 დეკემბერს მოახსენეს, თუმცა, დამოუკიდებელმა წყაროებმა ცნობები მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაადასტურეს.
- სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჯარებიდან ქალაქიდან ორგანიზებულად გაეყვანა და ბრძოლები უშუალოდ ქალაქის ფარგლებში არ გამართულა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე სივერსკში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, შედარებით მცირე ზომის მიუხედავად, ამაღლებულ რელიეფზე მდებარეობის გამო ქალაქი ჩრდილოეთ დონბასის დაცვაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა.
- კერძოდ, სივერსკი ბოლო მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქ სლოვიანსკამდე.
- გასული 3 წლის განმავლობაში სივერსკი ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მონაკვეთად რჩებოდა - ქალაქ ლისიჩანსკიდან სივერსკის გარეუბნებამდე 19 კილომეტრის დასაფარად რუსეთის არმიას 41 თვე დასჭირდა.
- რუსეთის არმიის იერიში ფრონტის ამ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა.
- უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები The Economist-თან საუბარში ამბობენ, რომ ქალაქის ნაწილზე კონტროლის შენარჩუნება უკრაინას კიდევ კარგა ხნის განმავლობაში შეეძლო, თუ საქმეში რეზერვებს ჩართავდნენ, თუმცა საბოლოოდ ქალაქიდან ორგანიზებული გასვლის გადაწყვეტილება უფრო პრაგმატულად მიიჩნიეს.

დიდი სურათი: სივერსკის შემდეგ, სლოვიანსკამდე პრაქტიკულად არ არის მსხვილი დასახლებული პუნქტები და ტერიტორია უმეტესად გაშლილ მინდორს წარმოადგენს.
- სივერსკიდან სლოვიანსკამდე მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრია, თუმცა ამ ტერიტორიაზე ორგანიზებული უკრაინის თავდაცვის 2 ხაზი, რომელიც ანტი-სატანკო თხრილებს და ე.წ. დრაკონის კბილებს მოიცავს.
- ფრონტის ამ მიმართულებით მოქმედი საჯარისო დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი მედვედევმა ვლადიმირ პუტინს სლოვიანსკის მიმართულებით იერიშის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 11 დეკემბერს მოახსენა.
- მიუხედავად ამისა, ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, სლოვიანსკზე იერიშის დაწყებაზე საუბარი ნაადრევია და ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება ქალაქ ლიმანის დაკავებამდე.
- ინსტიტუტის შეფასებით, ამისთვის რუსეთს მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.
კონტექსტი: 22 ნოემბერს ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მოზრდილ მასალაში New York Times წერდა, რომ სივერსკის დაცემა გაართულებს უკრაინის მდგომარეობას რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.