აზერბაიჯანული მედია: "თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ამოწმებს"

აზერბაიჯანული გამოცემა Minval Politika მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და თბილისისა და ბაქოს ურთიერთობებში "საგანგაშო ცვლილებაზე" საუბრობს.

ვითარების არსი: სტატიის ავტორი მაკსუდ სალიმოვი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას აღწერს, სადაც, მისი თქმით, "აზერბაიჯანელი მძღოლები სექტემბრიდან, სისტემატურ შეფერხებებს აწყდებიან. ზოგიერთი სატვირთო მანქანა თვეობით ვერ ახერხებს საბაჟოს გავლას, ხოლო მეზობელი ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება არ ავლენს არც პოლიტიკურ ნებას და არც მმართველობით უნარს პრობლემის მოსაგვარებლად. საჩვენებელია, რომ ეფექტურობის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ რიტუალურ დაპირებებს ვხედავთ."

  • გამოცემის ინფორმაციით, ეს მოვლენა დაკავშირებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესთან.
  • 28 ნოემბერს, გაბალაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა შედგა. ტექნიკური საკითხების გარდა, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.
  • Minval Politika წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა.
  • თუმცა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო, ტრანზიტი საქართველოს გავლით ერთადერთი მარშრუტია. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანმა თბილისს გარდაბანი–სადახლოს მონაკვეთზე ტარიფი მოსთხოვა.

ჩაშლილად: გამოცემის ცნობით, საქართველოს პასუხი ერთგვარი ინდიკატორი აღმოჩნდა – არა მხოლოდ კომერციული, არამედ პოლიტიკური პოზიციისაც. Minval Politika-ს მონაცემებით, ქართულმა მხარემ 111 კმ სიგრძის მონაკვეთზე ტონაზე 92 აშშ დოლარის ოდენობის ტარიფი მოითხოვა, რაც ერთ კილომეტრზე ტონაზე $0.82 დოლარს შეადგენს.

  • ამ ტარიფს აზერბაიჯანული მხარე არარეალურად მაღალ ფასად მიიჩნევს: "შედარებისთვის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ანალოგიური ტვირთები 680 კმ მანძილზე – იალამას სადგურიდან ბოიუქ-ქიასიქის სადგურამდე – ტონაზე $17 აშშ დოლარის ტარიფით გადააქვთ, ანუ ერთ კილომეტრზე ტონაზე $0.02 დოლარად. ეს 40-ჯერ დაბალია, ვიდრე ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ტარიფი."
  • "უფრო მეტიც, თავად საქართველოში მსგავსი ტვირთები ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტების მიმართულებით 360–396 კილომეტრზე $17 დოლარის ტარიფით მიდის – ანუ კილომეტრზე $0.04–0.05 დოლარად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის მომგებიანია, ტარიფი ოცჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთის მარშრუტისთვის შემოთავაზებული. ეკონომიკური ლოგიკაზე მეტად, აქ პოლიტიკური სიგნალი ჩანს." - წერს სალიმოვი.

სტრიქონებს შორის: საქართველოს მთავრობის პოზიციას ის იმით ხსნის, რომ "საქართველოს მოქმედი ლოგისტიკური მონოპოლია უკვე აღარ არის უალტერნატივო. რეგიონული კავშირგაბმულობის პროექტები ვითარდება და ძველი არქიტექტურის ძალადობრივი გზით შენარჩუნების მცდელობები მხოლოდ აჩქარებს მის ეროზიას."

  • ამასთანავე, სტატიის ავტორი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აკრიტკებს, და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა "არა მხოლოდ ძირს უთხრის რეგიონული სამშვიდობო პროცესის საერთო დინამიკას, არამედ ერთობლივი კეთილდღეობის სივრცის შექმნაში მონაწილეობის სურვილის არქონასაც აჩვენებს."
  • "საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის პერიოდში, ბაქომ არ გამოიყენა თბილისის მოწყვლადობა ზეწოლის ინსტრუმენტად და არ დაუწესა მას მაღალი ტარიფები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში იყო და მზად იქნებოდა ნებისმიერ პირობაზე დათანხმებულიყო. აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩია – პარტნიორის გზა და არა სარგებლის მიმღების. სწორედ ამიტომ, დღეს კანონზომიერი კითხვა ჩნდება: როგორ უპასუხებს თბილისი შექმნილ სიტუაციას? შემოიფარგლება თუ არა დუმილით და გააგრძელებს მოქმედებას მალულად, თუ იპოვის საკუთარ თავში პოლიტიკურ სიმწიფეს, რათა ღიად აღიაროს პრობლემა და იმოძრაოს თანამშრომლობისკენ და არა კონფრონტაციისკენ?" -  წერს სალიმოვი.

კონტექსტი: აზერბაიჯანული მედია რამდენიმე კვირაა წერს, რომ საქართველოს საბაჟოზე აზერბაიჯანული ტვირთები შეფერხებულია. 

  • 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აზერბაიჯანელ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აზერბაიჯანული ტვირთები მათ შორის თამბაქოს ნაწარმი "ბლოკირებულია."
  • შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში ყველა საბაჟო პროცედურა განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების შეუფერხებელი გატარება უზრუნველყონ.

მსგავსი სიახლეები