WSJ: ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მედიაციის შეწყვეტას განიხილავს

მოლაპარაკებების ნელი ტემპით და რუსეთის მიერ უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე ამერიკელი პრეზიდენტი მიმდინარე კვირაში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს - წარუმატებლობის შემთხვევაში კი დონალდ ტრამპი მედიაციის შეწყვეტაზე ფიქრობს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს - წყაროების ცნობით, ტრამპს სურს პუტინს დათმობებისკენ უბიძგოს მათ შორის დაითანხმოს ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. ამასთანავე წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ ტრამპი ახალ სანქციებს არ დააწესებს.
- გაზეთის წყაროების ცნობით, ახალი სანქციები არ იქნება მიმართული რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ - ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტულ ზომებს განიხილავენ თეთრ სახლში.
- "ტრამპი გადაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და პროცესიდან სრულად გასვლას განიხილავს იმ შემთხვევაში თუ ბოლო მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება"- ნათქვამია მასალაში.
- ჯერჯერობით უცნობია, თუ რას მოიმოქმედებს ამერიკელი პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესის მედიაციის შეწყვეტის შემდეგ, კერძოდ - გაგრძელდება, თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარება.
Big Picture: ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკა კრემლის მიმართ გასულ 24 საათში გამკაცრდა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმები.
- 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა - 355 დრონისა და 69 რაკეტის გამოყენებით. მსგავსი მასშტაბის შეტევა მიიტანა რუსეთმა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე 23 მაისსაც.
- "ის მთლად შეიშალა. ის ყოველგვარი საჭიროების გარეშე კლავს ძალიან ბევრ ადამიანს და მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ"- თქვა ტრამპმა.
- პუტინის გარდა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინელი პრეზიდენტის განცხადებები ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და უკეთესი იქნება თუ ეს მალე დასრულდება.
Сontext: დასავლური მედიების ცნობით, თეთრი სახლისგან შესაბამის სიგნალს ელოდება სენატი, რომელშიც ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის ინიციატივას რუსული ნავთობის მყიდველებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ უკვე ჰყავს 80 მხარდამჭერი.
- ტრამპისგან ახალი სანქციების დაწესებას ევროპელი ლიდერები ჯერ კიდევ 16 მაისს, პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ელოდნენ, თუმცა მაშინ ტრამპმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა
Go Deeper: მოლაპარაკებებში ჩიხის ფონზე სენატის ლიდერი პუტინს ახალი სანქციებით ემუქრება