ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ კვირას პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. ეს გადაწყვეტილება ღაზაში გაჭიანურებულ ომზე, ჰუმანიტარულ კატასტროფაზე და ისრაელის სამხედრო კამპანიაზე პასუხია და მიზნად ისახავს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ხელშეწყობას. 

ეს ოთხი ქვეყანა 140-ზე მეტ სხვა სახელმწიფოს შეუერთდა, რომლებიც ასევე უჭერენ მხარს პალესტინელთა მისწრაფებას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან.

ბრიტანეთის გადაწყვეტილებას განსაკუთრებით სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ბრიტანეთმა დაუშვა კოლონიალურ წლებში პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელების დასახლება და სწორედ ბრიტანეთის იმპერისიგან გამოაცხადა დამოუკიდებლობა ისრაელმა.

"დღეს, პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის მშვიდობის იმედის აღორძინების მიზნით, ასევე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მისაღწევად, გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. "ღაზაში ადამიანის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. ისრაელის მთავრობის მიერ ღაზას უწყვეტი და მზარდი დაბომბვა, ბოლო კვირებში დაწყებული შეტევა, შიმშილი და ნგრევა აბსოლუტურად აუტანელია."

YouGov-ის მიერ 17-18 სექტემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ბრიტანეთის მთავრობამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს, 18% ამას არ ეთანხმება, ხოლო 37%-ს პასუხი არ აქვს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეს ნაბიჯი დაგმო.

"მე მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ აღიარებენ: თქვენ ტერორიზმს უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ," - თქვა მან. "და კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება. პალესტინის სახელმწიფო მდინარე იორდანეს დასავლეთით არ შეიქმნება."

გაერთიანებული სამეფოს, კანადის, პორტუგალიისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას "ჰამასი" მიესალმა და ამ ნაბიჯს "მნიშვნელოვანი" უწოდა.

"ეს აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი, პალესტინელი ხალხის უფლებების დასაცავად საკუთარ მიწასა და წმინდა ადგილებზე, ასევე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება," - ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს არის "ჩვენი ხალხის ბრძოლის დამსახურებული შედეგი" და აღნიშნულ განცხადებას უნდა მოჰყვეს ისრაელის ომის შეჩერება.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ღაზაში ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ომის შედეგად ისრაელის 2 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა - მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები. ღაზას სექტორში კი, ჰამასის კონტროლირებულ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 65 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 

რომელი ქვეყნები აღიარებენ ან აპირებენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას?

გაეროს წევრების სამი მეოთხედი.

Agence France-Presse-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან სულ მცირე 145 ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ეს რაოდენობა მოიცავს ბრიტანეთს, კანადას, ავსტრალიასა და პორტუგალიას.

რუსეთი, ყველა არაბულ ქვეყანასთან, თითქმის ყველა აფრიკულ და ლათინო-ამერიკულ ქვეყანასთან და აზიის ქვეყნების უმეტესობასთან, მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთთან ერთად, უკვე ამ სიაშია.

1988 წლის 15 ნოემბერს, ალჟირი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო მას შემდეგ, რაც "პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის" (PLO) ლიდერმა იასერ არაფატმა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ათობით სხვა ქვეყანამ მომდევნო კვირებსა და თვეებში ალჟირს მიბაძა, ხოლო აღიარებების კიდევ ერთი ტალღა 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში იყო.

ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის ფონზე, ახლა კიდევ 13 ქვეყანამ აღიარა პალესტინა.

ვინ არ აღიარებს პალესტინას?

სულ მცირე 45 ქვეყანა, მათ შორის ისრაელი, აშშ და მათი მოკავშირეები.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა სრულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას.

აზიაში იაპონია, სამხრეთ კორეა და სინგაპური არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პალესტინას არ აღიარებენ.

ევროპაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

2010-იანი წლების შუა პერიოდამდე, პალესტინის სახელმწიფოს თურქეთის გარდა, მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები აღიარებდნენ.

ახლა, ყოფილი ვარშავის ბლოკის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა უნგრეთი და ჩეხეთი, პალესტინის სახელმწიფოს ორმხრივ დონეზე არ აღიარებენ.

დასავლეთი და ჩრდილოეთი ევროპა აქამდე არაღიარების საკითხში გაერთიანებული იყო, შვედეთის გარდა, რომელმაც 2014 წელს აღიარა პალესტინა.

მაგრამ ღაზაში ომმა ყველაფერი შეცვალა - ნორვეგიამ, ესპანეთმა, ირლანდიამ და სლოვენიამ 2024 წელს პალესტინა აღიარეს.

იტალია და გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავენ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში გამგზავრების წინ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ "მოლაპარაკებით მიღწეული ორი სახელმწიფოს გამოსავალი არის გზა, რომელმაც შეიძლება, ისრაელელებსა და პალესტინელებს მშვიდობით, უსაფრთხოებითა და ღირსებით ცხოვრების საშუალება მისცეს."

რას ნიშნავს აღიარება?

საერთაშორისო სამართლის პროფესორმა რომენ ლე ბუფმა Agence France-Presse-ს განუცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საერთაშორისო სამართალში "ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად" რჩება - "პოლიტიკურსა და იურიდიულს შორის შუაში."

ლე ბუფის თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღიარებებს დაარეგისტრირებს.

"დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ხელისუფლება ყველაფერ იმას, რასაც აღიარების აქტებად მიიჩნევს, თავის სიაში ამატებს, მაგრამ სუბიექტური თვალსაზრისით. ანალოგიურად, სხვა სახელმწიფოები იტყვიან, რომ მათ აღიარეს ან არ აღიარეს, მაგრამ სინამდვილეში დაზუსტების გარეშე," - აღნიშნა მან.

თუმცა, არსებობს ერთი საკითხი, რომელზეც საერთაშორისო სამართალი საკმაოდ მკაფიოა: "აღიარება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო შეიქმნა, ისევე როგორც არაღიარება ხელს არ უშლის სახელმწიფოს არსებობას."

"მიუხედავად იმისა, რომ აღიარებას, დიდწილად, სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ქვეყნების სამი მეოთხედი ამბობს, რომ პალესტინა აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ პირობას სახელმწიფოდ არსებობისთვის," - განაცხადა ლე ბუფმა.

"ვიცი, რომ ბევრისთვის ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, მაგრამ სიმბოლიზმის თვალსაზრისით, ეს თითქოს თამაშის შემცვლელია," - წერდა იურისტი და ფრანკო-ბრიტანელი სამართლის პროფესორი ფილიპ სანდსი New York Times-ში 2025 წლის აგვისტოში. "რადგან მას შემდეგ, რაც თქვენ აღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს... თქვენ არსებითად პალესტინასა და ისრაელს თანაბარ მდგომარეობაში აყენებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით."

მსგავსი სიახლეები