ეგვიპტე ისრაელისგან 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს შეისყიდის

ისრაელის "ლევიათანის" ბუნებრივი აირის საბადომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საექსპორტო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ეგვიპტე 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ "ლევიათანის" ერთ-ერთმა პარტნიორმა, კომპანია NewMed-მა განაცხადა.

State Of Play: Al Arabiya-ს ცნობით, "ლევიათანის" საბადოდან (ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საბადო, 600 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მარაგებით - რედ.), ეგვიპტე 130 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

  • "ლევიათანის" საბადო ეგვიპტეს გაზს მას შემდეგ აწვდის, რაც 2020 წელს ბუნებრივი აირის წარმოება დაიწყო. 2019 წელს გაფორმდა თავდაპირველი შეთანხმება 60 მილიარდ კუბურ მეტრზე – წელიწადში 4.5 მილიარდი კუბური მეტრი – რომელსაც, სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისში სრულად მიიღებს ეგვიპტე.
  • NewMed-ის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის უდიდესმა ბუნებრივი აირის საბადო "ლევიათანმა," 2020 წლიდან ეგვიპტეს უკვე 23.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.
  • "ეს არის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ოდესმე განხორციელებულა და აძლიერებს ეგვიპტის, როგორც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბის პოზიციას," – განაცხადა NewMed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსი აბუმ.
  • "ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენი ძლიერი რეგიონული პარტნიორობის წყალობით გახდა შესაძლებელი, შემდგომი რეგიონული საექსპორტო შესაძლებლობების კარს გააღებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბუნებრივი აირი და ზოგადად ენერგეტიკული ინდუსტრია შეიძლება თანამშრომლობის საყრდენი იყოს." - აღნიშნა აბუმ.

Big Picture: ბოლო 2 წლის განმავლობაში ეგვიპტეში ენერგეტიკული პრობლემებია და ელექტროენერიგია მოსახლეობას ხშირად არასრულყოფილად მიეწოდება. ამის მიზეზი ეკონომიკური პრობლემები და ბუნებრივი აირის დეფიციტია.

  • ივნისში ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დროს, უსაფრთხოების მიზეზებით, "ლევიათანის" საბადოდან გაზის ექსპორტი შეჩერებული იყო.
  • ხუთშაბათს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე, 2026 წლის დასაწყისიდან "ლევიათანი" ეგვიპტეს 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის დამატებითი მილსადენების შეერთების შემდეგ.
  • დანარჩენ 110 მილიარდ კუბურ მეტრს კი მეორე ეტაპზე გაიტანს, რომელიც "ლევიათანის" გაფართოება და ისრაელიდან ეგვიპტეში ახალი მილსადენის მშენებლობა დასრულდება.

მსგავსი სიახლეები