ევროკავშირმა ბელარუს ჩინოვნიკებს ვიზები შეუჩერა

ევროკავშირმა ნაწილობრივ შეაჩერა ბელარუსთან სპეციალური სავიზო შეთანხმება, რისი მიზეზიც პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საზღვართან მიმდინარე საემიგრაციო კრიზისია.

ახალი სანქცია პირთა მცირე წრეს - ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეეხება.  

ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმი მიზანმიმართულად უბიძგებს ადამიანებს საზღვრის გადაკვეთისკენ, რათა ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური დესტაბილიზაცია და ქაოსი გამოიწვიოს. 

პოლონეთის საზღვრის დაცვის ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოს თვეში, საზღვრის კვეთის 3,500 წარმატებული და წარუმატებელი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სექტემბერში, იგივე მაჩვენებელმა 5,000-ზე მეტი შეადგინა. 

მიგრანტების კრიზისის ფონზე, პოლონეთმა დამატებითი ნაბიჯები გადადგა - საზღვარი ჯარისკაცებითა და მავთულხლართებით გაამაგრა. პარალელურად, ხელისუფლება საგანგებო სიტუაციის გაგრძელებას ფიქრობს, რათა ეს პრობლემა დაძლიოს. 

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ემიგრანტები ომსა და გაჭირვებას გაურბიან, შესაბამისად, მათ ჰუმანურად უნდა მოექცნენ. ისინი დაუსაბუთებლად მიიჩნევენ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას და აცხადებენ, რომ ეს საშუალებას აძლევს ხელისუფლებას [რედ.პოლონეთის],  სასაზღვრო ზოლზე ზედამხედველობის გარეშე იმოქმედონ. 

მიმდინარე კრიზისი ევროკავშირის მიერ ლუკაშენკოს რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების გამოძახილია, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და "რაინეარის" თვითმფრინავის გატაცებას უკავშირდება.  

 

მსგავსი სიახლეები