ფაილების მიხედვით, ეპსტინი პუტინთან შეხვედრას ცდილობდა
გამოცემა Washington Post წერს, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილებიდან ჩანს, რომ ჯეფრი ეპსტინი ვლდიმირ პუტინთან და სხვა რუს მაღალჩინოსნებთან კონტაქტზე გასვლას ცდილობდა.
ჩაშლილად: დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს ეპსტინთან პირდაპირი მიმოწერა ჰქონდა და წლების განმავლობაში პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა.
- ეპსტინის საბუთებში პუტინის სახელი თითქმის ათასჯერ ფიგურირებს. თუმცა უმეტესად ეპსტინის კორესპონდენციაში და არა პირად მიმოწერაში.
- პირად მიმოწერაში კი ჩანს, რომ 2010-იან წლებში ეპსტინმა ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრის, თორნბიორნ იაგლანდის გავლით, პუტინთან კავშირის დამყარება არაერთხელ სცადა.
- "ვიცი რომ პუტინს უნდა შეხვდე. მას სასოწარკვეთით სურს დასავლური ინვესტიციები საკუთარ ქვეყანაში. მე შემიძლია მას დავეხმარო". - წერს იაგლანდს ეპსტინი.
- 2014 წლის იანვარში იაგლანდი პუტინის გასაცნობად, ეპსტინს სოჭის ოლიმპიადაზე ჩამოსვლას სთავაზობს ამჯერად მილიარდერი თავს იკავებს და წერს, რომ რუსეთის მიერ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ფონზე "შეხვედრისთვის ცუდი დროა".
- ეპსტინმა იაგლანდს იგივე თხოვნით ასევე 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მიმართა.
- 2013 წელს, ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრ ეჰუდ ბარაკთან მიმოწერიდან ვიგებთ, რომ ეპსტინი დაპატიჟებულია სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც პუტინი ყოველთვის სტუმრობს, თუმცა ბიზნესმენი მოწვევაზე უარს ამბობს და წერს: "თუ (პუტინს) მას სურს შეხვედრა, საჭიროა შევხვდეთ განმარტოებით და დიდი ხნით".
სიღრმისეულად: პუტინთან შეხვედრის წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ეპსტინმა რამდენიმე რუს მაღალჩინოსანთან დაამყარა კონტაქტი.
სერგეი ბელიაკოვი
- მიმოწერიდან ჩანს, რომ 2014-2018 წლებში ეპსტინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ფედერალური უსაფრთხოების აკადემიის კურსდამთავრებულ სერგეი ბელიაკოვთან.
- ირკვევა, რომ ეპსტინი და ბელიაკოვი პერიოდულად ხვდებოდნენ. გარდა ამისა ბიზნესმენმა მინისტრის მოადგილეს გააცნო ეჰუდ ბარაკი, ასევე 2015 წელს ეპსტინმა დააორგანიზა შეხვედრა ბელიაკოვსა და ამერიკელ მილიარდერ პიტერ ტილს შორის.
- ერთ-ერთ წერილში ეპსტინი რუს მაღალჩინოსანს დახმარებას სთხოვს: "ერთი რუსი გოგონაა მოსკოვში, რომელიც ძლევამოსილ ნიუ-იორკელ ბიზნესმენებს აშანტაჟებს. ეს ცუდია საერთო საქმისთვის... რა მოსაზრებები გაქვს?"
- პასუხად რუსი მაღალჩინოსანი ეპსტინს დახმარებას პირდება და წერს, რომ შეხვდება ადამიანს, რომელიც ქალს იცნობს.
ოლეგ დერიპასკა
- გამოქვეყნებული ფაილებიდან ირკვევა, რომ ეპსტინი დაახლოებული იყო რუს მილიარდერთან, ოლეგ დერიპასკასთან.
- დერიპასკა დამეგობრდა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, პიტერ მანდელსონთან, რომელიც ეპსტინთან დაახლოებული პირი იყო.
- მიმოწერიდან ირკვევა, რომ 2008 წელს მანდელსონი ბიზნესმენ ნეტ როტშილდთან ერთად დერიპასკას იახტაზე ისვენებდა.
ვიტალი ჩურკინი
- მიმოწერის თანახმად, ეპსტინი დაეხმარა გაეროში რუსეთის წარმომადგენელს, ვიტალი ჩურკინს.
- ბიზნესმენი ჩურკინის შვილს, აშშ-ში დასაქმებაში დაეხმარა, რაზეც რუსი დიპლომატისგან მადლობის წერილი მიიღო.
მარია დროკოვა
- 2017-2019 წლებში ეპსტინს საქმიანი მიმოწერა ჰქონდა რუს ინვესტორთან, მარია დროკოვასთან.
- დროკოვა ახალგაზრდული პუტინისტური, ნაციონალისტური მოძრაობა "ნაშის" ლიდერი და სახე იყო, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაცია დატოვა, სან-ფრანცისკოში გადასახლდა და საინვესტიციო ბიზნესით დაკავდა.
- ეპსტინის წერილების მიხედვით, ბიზნესმენი დროკოვას მისი პიარის გაუმჯობესებაზე მუშაობას სთხოვდა.
- გარდა ამისა, დროკოვამ ეპსტინს "სილიკონის მდელოს" რამდენიმე დამწყებ კომპანიაში ინვესტიცია ჩაადებინა.
წინარე ისტორია: მიმდინარე წელს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა თითქმის 3 მილიონი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც აწ გარდაცვლილი, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ბიზნესმენის, ჯეფრი ეპსტინის სახელს უკავშირდება.
- ე.წ. ეპსტინის ფაილები შედგება ბიზნესმენის პირადი და საქმიანი მიმოწერისგან, ასობით ფოტოსგან, თანხების გადარიცხვის ქვითრებისგან და სხვა საბუთებისგან.
- გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ფიგურირებს არაერთი გავლენიანი ადამიანის, მათ შორის, ილონ მასკის, ჩარლზ III-ის ძმის, ენდრიუს, სხვადასხვა პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის სახელი.
- ეპსტინი 2019 წელს დააკავეს, ბრალის დამტკიცებამდე ის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.