"ჯერ ზავი, შემდეგ მოლაპარაკებები" - ევროპელი ლიდერები პუტინის შეთავაზებაზე

ევროპელი ლიდერები ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის სრულად შეწყვეტა.
State Of Play: ევროპელი ლიდერები ვლადიმირ პუტინის საგანგებო გამოსვლას სხვადასხვა ფორმატში ეხმაურებიან.
- პუტინის გამოსვლას დადებითს, მაგრამ არასაკმარისი უწოდა ემანუელ მაკრონმა - "დიალოგი ვერ გაიმართება, მაშინ როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ, პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ მას დროის მოგება სურს."
- მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე განაცხადა გერმანიის კანცლერმაც - "ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უზრუნველჰყოფს ნამდვილ მოლაპარაკებებს. ჯერ უნდა დადუმდეს ზარბაზნების და შაშხანის ლულები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დისკუსია"- ნათქვამია ფრიდრიხ მერცის განცხადებაში.
- მსგავსი სულისკვეთების განცხადება გაავრცელა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა - "ჩვენი მოწოდების საპასუხოდ რუსებმა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შემოგვთავაზეს, მაგრამ მთელი მსოფლიო ელოდება მკაფიო გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე"- ნათქვამია დონალდ ტუსკის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში - "გაისხნა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო სრულფორმატიანი ზავი შექმნის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობებს"- ნათქვამია თურქი პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
Big Picture: პუტინის საგანგებო გამოსვლას ევროპელ ლიდერებამდე ცოტა ხნით ადრე გამოხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელმა პრეზიდენტმა პუტინის წინადადება დადებით ნიშნად შეაფასა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ თავდაპირველად უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება.
- თავიხ მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების გარეშე დროებითი ზავის განხილვას არ აპირებენ და აუცილებელია კონფლიქტის გამომწვევი პირველადი მიზეზების მოგვარება.
- სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმაც.
- "ჯერ სრულმასშტაბიანი ზავი და შემდეგ მოლაპარაკებები და არა პირიქით"- წერს კელოგი.
Сontext: საყურადღებოა, რომ თავისი წარმომადგენლისგან საკმაოდ განსხვავებული პოზიცია დაიკავა დონალდ ტრამპმა - ამერიკელმა პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა დათანხმებოდნენ პუტინის წინადებებას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
- "პრეზიდენტ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 15 მაისს პირდაპირ შეხვედრას (რედ. უკრაინასთან) ითხოვს, სისხლისღვრის დასასრულებლად. უკრაინა ამ წინადადებას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს"- წერს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის შედეგად ნათელი გახდება შესაძლებელია თუ არა საერთოდ შეთანხმება - "თუ აღმოჩნდა, რომ შეთანხმება შეუძლებელია, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინება რა ვითარებაა და შემდგომ ნაბიჯებს შესაბამისად დაგეგმავენ."
- ამერიკული ადმინისტრაციის ინიციატივა 30-დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ აქტუალური გახდა გასულ დღეებში, განსაკუთრებით 10 მაისს ევროპელი ლიდერების კიევში გამართული ვიზიტის შემდეგ.
- გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს ლიდერების კიევში ვიზიტის შემდეგ, უკრაინამ და ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთისგან 30-დღიან სრულფორმატიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრნენ.
Go Deeper: საყურადღებოა, რომ 30-დღიანი ზავის ინიციატივას უკრაინა ჯერ კიდევ 11 მარტს, ჯედაში გამართული შეხვედრის შემდეგ დათანხმდა, თუმცა კრემლმა სანაცვლოდ დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა.