ჯონსონი სენატს უკრაინის დახმარების განბლოკვას დაჰპირდა, მაგრამ ცვლილებებით

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელ სენატორებთან საუბარში განაცხადა, რომ კონგრესი კანონპროექტის საკუთარ ვერსიას მოამზადებს, რომელიც განსხვავებული იქნება სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტისგან.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს

წყაროს ცნობით, კონგრესის ბიბლიოთეკაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მაიკ ჯონსონი ცდილობდა სენატორების დარწმუნებას, რომ მას ეს ესმის საკითხის სიმწვავე და დროული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. 

"არავის სურს ვლადიმირ პუტინის გამარჯვება, მე ვფიქრობ, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და გააგრძელებს სვლას ევროპაში. ამ ვითარებაში არსებობს მართალი და არასწორი, ეს არის ბოროტება სიკეთის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში უკრაინა მსხვერპლია",- განაცხადა ჯონსონმა. 

ჯონსონი გამოვიდა ახალი კანონპროექტის ან სენატის მიერ უკვე მიღებული და კონგრესისთვის გადაგზავნილი პაკეტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის ინიციატივით. შეხვედრაზე მყოფი სენატორები ამბობენ, რომ ჯონსონი დახმარების პაკეტის მიღებას ე.წ. ლენდ-ლიზის ან გრძელვადიანი უპროცენტო სესხის ფორმით ფიქრობს. 

წყაროს ცნობით, ჯონსონი ასევე განიხილავს დაზღვევის დამატებითი მექანიზმების შექმნას. საუბარია მაიკ მაკკოლის იდეაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაყინული სუვერენული აქტივების კონფისკაციას და მათ უკრაინის დახმარების ფონდისთვის გადაცემას გულისხმობს. 

ერთ-ერთი 22 რესპუბლიკელი სენატორისგან, რომელმაც სენატში მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს ამბობს, რომ მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი. "მე მოვისმინე, რომ სპიკერმა თქვა, რომ უკრაინას ხელცარიელი არ დავტოვებთ",- თქვა ჯონ კორინმა. 

მსგავსი განწყობაზეა კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი, კევინ კრამერიც - "სპიკერმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება."

მომატებული ოპტიმიზმის შესახებ საუბრობდა შეხვედრიდან გამოსული სენატორი, ლინდსი გრემიც. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინისთვის კრედიტების გაცემა უადგილოა და დაამძიმებს უკრაინის ისედაც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.  

კონტექსტი 

უკვე თითქმის 6 თვეა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო ვერ ახერხებს ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის სახელით ცნობილი კანონპროექტის მიღებას. 

95 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტი ითვალისწინებს ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, მაგრამ უდიდესი ნაწილი ($60 მილიარდი დოლარი) სწორედ უკრაინისთვისაა განკუთვნილი. 

ნოემბრიდან მოყოლებული იზოლაციონისტურად განწყობილი რესპუბლიკელების ჯგუფი, რომლებიც კონგრესში ბალანსს აკონტროლებენ უარს ამბობენ ახალი დაფინანსების დამტკიცებაზე. 

თავდაპირველად რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების მიღების სანაცვლოდ ბაიდენის ადმინისტრაციისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ - დემოკრატიული პარტიის დათმობების მიუხედავად რესპუბლიკელებს პოზიცია არ შეუცვლიათ. 

მსგავსი სიახლეები