თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია იმართება

22 აპრილს თბილისში სტარტი აიღო კონფერენციამ სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო" მიზიდულობის ძალები."

კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კომუნიკაციების კვლევის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია (НИИКР) - ინსტიტუტის დამფუძნებლები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საგარეო დაზვერვის (СВР) და КГБ-ს ვეტერანები არიან. 

ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედია АГЕНСТВО ავრცელებს

ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემა იქნება "ტრადიციული ღირებელებები როგორც ერთა დაახლოების ფაქტორი."

კონფერენციაზე სიტყვით გამოვა НИИКР-ის დირექტორის მოადგილე, ვალენტინა კომლევა, პოლიტ-ტექნოლოგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი, ალექსანდრ იაკოვლევი. 

კონფერენციის ორგანიზატორები 2 ქართული და 1 რუსული ორგანიზაციაა: ევრაზიის ინსტიტუტი და SIKHA foundation (ქართული) და НИИКР (რუსული).

კონფერენციის ადგილს ორგანიზატორები არ ასაჯაროვებენ. НИИКР-ის დირექტორის მოადგილე АГЕНСТВО-სთან საუბარში ადასტურებს, რომ კონფერენცია 22 აპრილს თბილისში იმართება, თუმცა დაკავებულობის გამო უარს ამბობს სხვა დეტალების გასაჯაროებაზე. 

СПАРК-ის მონაცემებით, ინსტიტუტი НИИКР 2020 წელს დაარსდა. ინსტიტუტის დამფუძნებლებს შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი.

სხვადასხვა წლებში გრიბინი იყო КГБ-ის ყოფილი რეზიდენტი კოპენჰაგენში, ხელმძღვანელობდა კომიტეტის 3-ე განყოფილებას, ამ პოსტზე გრიბინის პასუხიმსგებლობის ზონაში შედიოდა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სკანდინავიის ქვეყნები. რუსეთის სპეცსამსახურების ისტორიის ვებ-გვერდის მიხედვით, გრიბინი ერთი პერიოდი ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის აკადემიასაც. 

ინსტიტუტის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი ირინა ზავესნიცკაიაა. სოციალურ ქსელებში გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ზავესნიცკაია НИИКР-ის დირექტორის, ვლადისლავ გასუმიანოვის მისამართზეა დარეგისტრირებული. 

გასუმიანოვის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 1982-2001 წლებში ის მსახურობდა КГБ-ს, CВР-სა და ФСБ-ში. გარდა ამისა, გასუმიანოვი მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში, სადაც უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალური და კულტურული კავშირების განყოფილების დირექტორის მოადგილე იყო. შედიოდა რუსული მომპოვებითი გიგანტის Норникел-ის დირექტორთა საბჭოში. 2015 წლიდან იკავებს დეკანის პოსტს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტუტის (МГИМО) კორპორატიული უსაფრთხოების ფაკულტეტზე. 

გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა НИИКР-ის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების სხვა ვეტერანებიც. მათ შორის: КГБ-ს 5-ე ოპერატიული განყოფილების ყოფილი დირექტორი, გენერალ-ლეიტენანტ, ანატოლი ბოლიუხი. ФСБ-ს კონტრდაზვერვითი ოპერაციების განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი, ბორის მიროშნიკოვი. მეთვალყურეებს შორისაა, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი, ვალენტინ სობოლევი. 

ორგანიზატორები ამ ფორმატში სულ 5 კონფერენციის ჩატარებას გეგმავენ, თბილისის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალში, დუშანბესა და მინსკში. მთავარი სესია 23 მაისს მოსკოვში გაიმართება. 

АГЕНСТВО-ს ცნობით, გასულ წლებში ამ კონფერენციებში მონაწიელობდნენ კრემლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

რაც შეეხება კონფერენციის ქართველ ორგანიზატორებს, SIKHA foundation-ის დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძეა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის პროპაგანდისტული არხების ხშირი სტუმარია. 

ევრაზიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ასევე პრო-რუსული განწყობებით ცნობილი, გულბაათ რცხილაძეა. 

 

მსგავსი სიახლეები