ხეერტ ვილდერსმა ყურანისა და მეჩეთების აკრძალვის კანონზე უარი განაცხადა

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „თავისუფლების პარტიის - PVV“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა 2018 წელს წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ყურანისა და მეჩეთების აკრძალვას ეხებოდა, უკან გაიწვია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხეერტ ვილდერსი, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით, პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებთან დათმობაზე წავიდა. 2023 წლის ბოლო საპარლამენტო განხილვისას, „თავისუფლების პარტიის - PVV“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება მკვეთრად ანტი-ისლამურ პოზიციას შეარბილებს.

"ზოგჯერ მომიწევს წინადადებების უკან დახევა და ამას გავაკეთებ. მე ვაჩვენებ ნიდერლანდებს, საკანონმდებლო ორგანოს, ბ-ნი ომციხტის პარტიას (ახალი სოციალური კონტრაქტი - NSC) - ნებისმიერს, ვისაც ამის მოსმენა სურს, რომ ჩვენ ჩვენს წესებს კონსტიტუციას მოვარგებთ და ისე შევასრულებთ“, - ხეერტ ვილდერსი.

კონტექსტი

22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების უმრავლესობა ხეერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა. ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო სენატის (75 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისგან (150 წევრი) შედგება.

მთავრობის ფორმირებისთვის 150 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 76 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

მრავალპარტიული სისტემის მქონე ნიდერლანდებს საუკუნეზე მეტია კოალიციური მთავრობები მართავენ, რომელსაც როგორც წესი, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიები აყალიბებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამი შემთხვევა დაფიქსირდა - 1971, 1977 და 1982 წლებში, როდესაც სამთავრობო კოალიცია ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიის გარეშე ჩამოყალიბდა.

„თავისუფლების პარტიამ“ 22 ნოემბერს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23.6% (37 მანდატი) მოიპოვა. იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი 76 მანდატი უზრუნველყოს, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან შესაძლო კოალიციაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და თანამშრომლობის საჭიროებაში დაარწმუნოს.

 

მსგავსი სიახლეები