პაპმა პიუს XII-მ იცოდა ჰოლოკოსტის შესახებ, მაგრამ დუმდა - Corriere della Sera

რომის პაპ პიუს XII-ს მეორე მსოფლიო ომის დროს შესაძლოა დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ებრაელებისა და პოლონელების დევნის შესახებ.  

ვატიკანის არქივის თანამშრომელმა ჯოვანი კოკომ პიუს XII-ის მდივნის, რობერტ ლეიბერის მიმოწერა აღმოაჩინა გერმანელ იეზუიტ ბერ ლოთარ კოენიგთან.

ამ წერილს იტალიური გაზეთი Corriere della Sera აქვეყნებს.

1942 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში კოენიგი ლეიბერს მიმართავს, როგორც მეგობარს და აცნობებს, რომ ნაცისტები ყოველდღე ექვსი ათასამდე ადამიანს კლავენ ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკში - პოლონელებს და ებრაელებს ქალაქ რავა რუსკადან. ომამდე ქალაქი პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ახლა ეს არის უკრაინის ლვივის რეგიონი.

წერილში კოენიგი, თავისი და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების სიკვდილის შიშით წმინდა საყდარს სთხოვს, მისი წერილი არ გაასაჯაროოს.

Corriere della Sera წერს, რომ არქივიდან მიღებული დოკუმენტი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამძაფრებს დებატებს პიუსზე და მის წმინდანად კურთხევის შეჩერებულ კამპანიაზე.

"ეჭვგარეშეა, რომ ვატიკანმა მრავალი ცნობა მიიღო ნაცისტების სისასტიკეზე, მაგრამ რომის პაპმა გაჩუმება ან ზოგადი სიტყვებით შემოფარგვლა ამჯობინა." - აცხადებს გაზეთი.

ამასთან, პიუს XII-ის მომხრეები თვლიან, რომ მას არ შეეძლო ნაცისტებთან დაპირისპირება, რადგან რეპრესიების საფრთხე არსებობდა.

პიუს XII კათოლიკურ ეკლესიას 1939 წლის მარტიდან 1958 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები