რუსეთში ნავალნის ფონდი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი (ФБК) "ტერორისტულ" ორგანიზაციად ცნო.

წინარე ისტორია: პუტინის ხელისუფლებას ფონდთან ბრძოლის მრავალწლიანი ისტორია აქვს:

  • 2019 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ФБК "უცხოეთის გავლენის აგენტების" სიაში შეიყვანა.
  • 2021 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ФБК-ს "ექსტრემისტული ორგანიზაციის" სტატუსი მიანიჭა და ფონდის იურიდიული წარმომადგენლობა გააუქმა.
  • 2022 წლის დეკემბერში ნავალნის მიერ აშშ-ში დაფუძნებული Anti-Corruption Foundation, Inc. ასევე მოხვდა "უცხოეთის გავლენის აგენტების" სიაში.
  • 2023 წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ Anti-Corruption Foundation, Inc.-ს "არასასურველი ორგანიზაციის" სტატუსი მიანიჭა.

ჩაშლილად: შინაარსობრივი სხვაობა იმაშია, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები უფრო მკაცრი კანონმდებლობით სამართლდებიან. გარდა ამისა, ტერორიზმისთვის ადამიანს შეიძლება მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა.

  • გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ნავალნის ფონდის დონორები იყვნენ. 
  • ტერორიზმის დაფინანსება მძიმე მუხლია და რიგ შემთხვევებში სასამართლოს უფლება აქვს კანონი უკუძალით გამოიყენოს და წარსულში გაკეთებული დონაციისთვის დონორი დასაჯოს.
  • სასამართლოს გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურნენ ნავალნის ორგანიზაციის წევრები: "ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს, გამოძიებას, სიმართლის ლაპარაკს, პოლიტპატიმრების დახმარებას - ყველაფრის კეთებას, იმისთვის, რომ რუსეთი თავისუფალი გახდეს". 

კონტექსტი: კორუფციასთან ბრძოლის ფონდი 2011 წელს ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ძირითად საქმიანობას ჟურნალისტური გამოძიებები წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ფონდმა გახსნა არაერთი მსხვილი თაღლითური თუ კორუფციული სქემა, რომელშიც რუსული ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულნი.

მსგავსი სიახლეები