The Economist: უკრაინის საჰაერო ძალებს ახალი თვითმფრინავები ესაჭიროება

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების წარმატებულად შეკავებისთვის უკრაინას ახალი თვითმფრინავები ჭირდება და სავარაუდოა, რომ საბჭოთა გამანადგურებლები არ იქნება საკმარისი ამ მისიითვის. 

ამის შესახებ The Economist-ის მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი

სტატიის ავტორის აზრით, ერთ-ერთი ასეთი თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურობას გაზრდიდა შესაძლოა შვედური წარმოების Gripen იყოს. კომპანია Saab-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავები შესაძლოა უფრო მეტად აწყობდეს უკრაინის საჰაერო ძალებს, ვიდრე ამერიკული წარმოების F-16-ები, რომელთა შესახებაც ბოლო თვეებში ხშირად საუბრობენ. 

სტატიის ავტორის თქმით, ბევრ ასპექტში შვედური გამანადგურებელი იდეალურად აკმაყოფილებს უკრაინის საჭიროებებს - Gripen თავის დროზე სწორედ ამ მიზნით შეიქმნა: დაეცვა შვედეთის საჰაერო სივრცე რუსული გამანადგურებლებისგან.

ამ ტიპის თვითმფრინავებს F-16-ებისგან განსხვავებით არ სჭირდებათ გრძელი და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები და მათ საავტომობილო გზებზეც შეუძლიათ დაჯდომა. ეს უკრაინაში აეროდრომების არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით კიდევ ერთი უპირატესობაა. 

Saab-ის კონსტრუქტორების თქმით, თვითმფრინავის საწვავით მომარაგებასა და შეიარაღებას სულ 1 ტექნიკური სპეციალისტი და 5 სამხედრო ჭირდება, ხოლო მთელი პროცესისთვის სულ 10 წუთია საჭირო. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფასიც - შვედური გამანადგურებელი ამერიკულზე გაცილებით უფრო იაფია. 

გამოცემა შვედური თვითმფრინავების მთავარ ნაკლად მათ სიმცირეს ასახელებს - ამ დროისთვის შვედეთის არმიის განკარგულებაში სულ 100 ასეთი გამანადგურებელია, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ 66. 

მიუხედავად ამისა, RUSI-ს ექსპერტის ჯასტინ ბრონკის თქმით, უკრაინისთვის Gripen-ების 1 ესკადრილიის გადაცემაც მნიშვნელოვანი იქნება - "Gripen-ის ტიპის 8-12 თვითმფრინავს შეუძლია მნიშვნელოვნად შეაკავოს რუსეთის ავიაცია, თუ კი ეს თვითმფრინავები აღჭურვილი იქნება ჰაერი-ჰაერის კლასის Meteor-ის ტიპის რაკეტით."

გარდა ამისა სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანი იქნება რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების გამართვა - რადგანაც დასავლური წარმოების თვითმფრინავებს ეფექტური სახმელეთო ლოკატორები სჭირდებათ. 

სტატიის ავტორი, ყურადღებას ამახვილებს პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებზე - მისი თქმით, ამ თვითმფრინავების ნაწილი არ არის ოპერირებადი და ისინი ძირითადად სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენება. 

მსგავსი სიახლეები