ტრამპი: უკრაინა უნდა დათანხმდეს პუტინის წინადადებას მოლაპარაკებებზე

ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის საგანგებო გამოსვლას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლელი მოკავშირეების მოთხოვნაზე 30-დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Thruth-ში წერს - ამერიკელი პრეზიდენტი უკრაინას მოუწოდებს დათანხმდეს პუტინის წინადადებას პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
- "პრეზიდენტ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და 15 მაისს პირდაპირ შეხვედრას (რედ. უკრაინასთან) ითხოვს, სისხლისღვრის დასასრულებლად. უკრაინა ამ წინადადებას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს"- წერს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის შედეგად ნათელი გახდება შესაძლებელია თუ არა საერთოდ შეთანხმება - "თუ აღმოჩნდა, რომ შეთანხმება შეუძლებელია, ევროპელ ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინება რა ვითარებაა და შემდგომ ნაბიჯებს შესაბამისად დაგეგმავენ."
- ამასთანავე, პოსტის დასკვნით ნაწილში ტრამპი წერს, რომ საეჭვოდ მიაჩნია უკრაინამ შეძლოს შეთანხმება პუტინთან "რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელიც შეუძლებელი, წარმოუდგენელი იქნება ამერიკის გარეშე."
- "გამართეთ შეხვედრა ახლავე"- წერს ტრამპი.
Big Picture: ეს ვლადიმირ პუტინის საგანგებო გამოსვლაზე დონალდ ტრამპის მეორე გამოხმაურებაა - ცოტა ხნით ადრე ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში მკაფიო პროგრესია და მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება.
- კრემლში გამოსვლისას პუტინმა უარი თქვა 30-დღიან სრულფორმატიან ზავზე და სანაცვლოდ 2022 წლის სტამბულის "შეთანხმებების" ბაზაზე უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.
- საუბარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივაზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ 11 მარტს, ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დასთანხმდა.
- რუსეთმა ზავის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა.
Context: ამერიკული ადმინისტრაციის ინიციატივა 30-დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ აქტუალური გახდა გასულ დღეებში, განსაკუთრებით 10 მაისს ევროპელი ლიდერების კიევში გამართული ვიზიტის შემდეგ.
- გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს ლიდერების კიევში ვიზიტის შემდეგ, უკრაინამ და ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთისგან 30-დღიან სრულფორმატიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრნენ.