სირსკი: საოკუპაციო არმიის იერიში სუმის ოლქში შეჩერებულია, ფრონტი სტაბილიზებულია

ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად შეაჩერეს რუსეთის არმიის იერიში სუმის ოლქში და ადგილ-ადგილ აქტიურ თავდაცვაზეც გადადიან - საოკუპაციო არმიის იერიშის შენელებას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც. 

State Of Play: ამის შესახებ ZSU-ს მთავარსარდალი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს - მისი თქმით, საოკუპაციო არმიის იერიშის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინული არმიის მიერ საზღვირსპირა გლუშკოვოს ოლქში წამოწყებულ შეტევებს ასახელებს, რომელმაც "რუსეთი აიძულა რეზერვები საკუთარი ტერიტორიის დასაცავად გადაესროლა".

  • სირსკი სუმის ოლქში რუსეთის იერიშის 1 წლის წინ რუსული არმიის მიერ ხარკივის ოლქში წამოწყებულ იერიშს ადარებს და ამბობს, რომ ხარკივის მგსგავსად თავდაპირველი წინსვლის შემდეგ რუსული არმიის იერიში გაიჭედა. 

  • "სუმის ოლქის საზღვრისპირა ზოლში რუსეთის არმიის წინსვლა ამ მომენტისთვის შეჩერებულია - ფრონტის ხაზი სტაბილიზებულია"- წერს სირსკი. 

  • უკრაინული არმიის მთავარსარდლის თქმით, ამ დროისთვის სუმის ოლქში შებოჭილია 50 ათასამდე რუსი ჯარისკაცი, მათ შორის არიან საჰაერო-სადესანტო ძალებისა და სხვა ელიტური დაჯგუფებები. 

Big Picture: საოკუპაციო არმიის იერიში სუმის მიმართულებით მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ დაიწყო რაც ჩრდილო კორეული არმიის დახმარებით რუსეთმა შეძლო კურსკის ოლქში უკრაინული არმიის პლაცდარმის ლიკვიდირება. 

  • იერიშის ოფიციალური მიზანი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ე.წ. ბუფერული ზონის ორგანიზება იყო - რუსული დანაყოფები ქალაქ სუმის 80 კილომეტრის მანძილზე უნდა მიახლოვებოდნენ, რაც ლულიანი არტილერიის მოქმედების რადიუსია. 

  • ფინური OSINT პროექტის BlackByrd-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საოკუპაციო არმიის მოწინავე პოზიციები სოფელ ალექსეევსკაში მდებარეობს, რომელიც უშუალოდ ქალაქ სუმიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული. 

  • ამავე მონაცემებით, საოკუპაციო არმია სუმის ოლქში ჯამურად დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. 
  • გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინის არმიის კონტრშეტევების შესახებ, რომლის ფარგლებშიც გათავისუფლა 4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. 

Context: საოკუპაციო არმიის იერიშის შეჩერებას ადასტურებს Z-ბლოგერი, სიმიონ პეგოვი - "ZSU აქტიურ კონტრეშეტევებს ახორციელებს, სუმის ოლქში ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ბრძოლები პრაქტიკულად შემხვედრი ხასიათისაა."

  • ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინული არმიის ახალი დანაყოფების გამოჩენის შესახებ წერს სამხედრო დაჯგუფება ჩრდილოეთის ოფიციალური ტელეგრამ არხიც. 

  • Z-ბლოგერების ცნობით, გასულ დღეებში რუსული დანაყოფები შეეცადნენ გასულიყვნენ სუმი-სუჯას დამაკავშირებელ მაგისტრალზე, თუმცა უკრაინული დრონების აქტიურობის ფონზე უკან დახევა მოუწიათ. 

  • ამასთანავე, ალექსანდრ სირსკის ცნობით უკრაინული არმია კვლავ აკონტროლებს 90 კვადრატულ კილომეტრს კურსკის ოლქში - უკრაინული Deep State-ის მონაცემების მიხედვით, საუბარია საზღვრის გასწვრივ მდებარე მინდვრებზე და ამ ტერიტორიის უმეტესობა ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია (რომელიმე არმიის ეფექტურ კონტროლს მიღმა).

მსგავსი სიახლეები