უკრაინის არმიამ ზაპორიჟიაში რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზებს მიაღწია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახლებული კონტრიერიშის დაწყების შემდეგ სავარაუდოდ ზაპორიჟიაში რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზებს მიაღწია. 

ამის შესახებ მეტყველებს ბრძოლის ველზე გადაღებული და ვერიფიცირებული ვიდეოები. 

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს ე.წ. დრაკონის კბილების ფონზე, ანტი-სატანკო თხრილში გაჭედილი უკრაინული ტანკი. კადრების გეოლოკაციის მეშვეობით ვიდეო გადაღებულია სოფელ ვერბოვესთან, რომელიც თავის მხრივ სოფელ რობოტინეს აღმოსავლეთით მდებარეობს. სწორედ რობოტინეს ირგვლივ ვითარდება ყველაზე სერიოზული ბრძოლები ბოლო დღეებში. 

ზოგი OSINT ანალიტიკოსი ამ კადრებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ უკრაინის არმიამ ზაპორიჟიაში ოკუპანტების თავდაცვის ძირითად ხაზებს მიაღწია. ზოგი წყაროს ცნობით, ეს ჯერ კიდევ არ არის თავდაცვის მთავარი ხაზი, თუმცა იქამდე მცირე მანძილია დარჩენილი. გავრცელებულ კადრებზე ჩანან ასევე, ტყვის მასივში განლაგებული უკრაინელი სამხედროებიც. 

კადრები შეაფასა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტმა, რობ ლიმ. ექსპერტის თქმით, ამგვარი ანტი-სატანკო თხრილები როგორც წესი თავდაცვის ძირითადი ხაზის სიახლოვის, ან გამაგრებული საყრდენი პუნქტის ირგვლივ არის განთავსებული. 

"ვიდეო შესაძლოა ზაპორიჟიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებით წინსვლაზე მეტყველებდეს",- წერს რობ ლი. 

კონტექსტი 

27 ივლისს ერთდროულად რამდნენიმე რესპექტაბელურმა დასავლურმა მედიამ დაწერა, რომ ზაპორიჟიაში უკრაინის არმიამ კონტრიერიშის ძირითადი ფაზა დაიწყო და ბრძოლაში ჩართო სამხედრო შენაერთები, რომლებიც ამ დრომდე რეზერვში იყვნენ. 

ამ წყაროების ცნობით, უკრაინის არმიის ფოკუსში ქალაქი ტოკმაკია, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. უკრაინული არმიის გააქტიურებას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც. უკრაინული არმიის გააქტიურების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმაც. 

წყაროების ცნობით, ყველაზე მასშტაბური ბრძოლები სოფელ რობოტინეს შემოგარენში ვითარდება. რუსი ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, უკრაინის არმია აქტიურად უტევს დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზეც, სადაც ЗСУ-მ მნიშვნელოვანი დასახლება სტარომაიორსკი დაიკავა. 

 

მსგავსი სიახლეები