ვენაში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ვენაში დააკავეს რუსული წარმოშობის საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობაში. 39 წლის ეჭვმიტანილი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის ყოფილი ოფიცრის შვილია, რომელიც გერმანიასა და ავსტრიაში დიპლომატად მუშაობდა.

ამ ინფორმაციას Kronen Zeitung ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი კონტაქტებს ინარჩუნებდა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან და დაზვერვის ჩინოვნიკებთან. ასევე, ის იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინაც და შემდეგაც. მამაკაცი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაშია ბრალდებული.

ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკა მარტში დონუშტადტის რაიონში ელიტარული სპეცრაზმი Cobra-ს ორი დანაყოფის ოფიცრებმა ჩაატარეს. ოპერაციის დროს ამოიღეს მოსასმენი მოწყობილობები, დამცავი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და პლანშეტები, რომლებზეც 10 მილიონამდე სხვადასხვა ფაილია აღმოჩენილი და შესწავლილი.

როგორც Kurier-ი გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, 2018 წლიდან 2022 წლის დასაწყისამდე სავარაუდო აგენტმა სულ 65 ვიზიტი განახორციელა რუსეთში, ბელორუსში, თურქეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში.  

სავარაუდო ჯაშუშმა რუსეთის ფედერაციას მიაწოდა მონაცემები ავსტრიაში განწყობების შესახებ, ასევე ინფორმაცია საგარეო პოლიტიკის, საზოგადოებაში არსებული მდგომარეობისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ.

"ამგვარად, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში ვიზიტი, დიდი ალბათობით, არ იყო შემთხვევითობა, არამედ ავსტრიაში მიღებული მონაცემების შეგნებული გაცვლა", - წერს Kurier-ი. 

ეჭვმიტანილი ამ დროისთვის თავისუფალია და იძებნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები