The Telegraph: ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში რუსეთის "უკანა ეზო" სრულად დაიკავა

ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწრაფად იზრდება ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა, რაც რეგიონში რუსეთის ოდესღაც დომინანტური პოზიციის ეროზიაზე მეტყველებს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ბრიტანული The Telegraph წერს და მოსაზრების დასადასტურებლად ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური მონაცემები მოჰყავს. 

  • ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან ჩინეთის ვაჭრობის ჯამური მოცულობა 2024 წლის მონაცემებით ორჯერ აღემატება ამ ქვეყნების ვაჭრობის ჯამური მოცულობას რუსეთთან. 

  • რუსეთის სავაჭრო მოცულობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გასულ წელს 45 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა იგივე მაჩვენებელი ჩინეთთან 95 მილიარდ დოლარს აღწევს. 

ჩაშლილად: ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ 2000-იანების წლების დასაწყისში მოცემულობა დიამეტრულად განსხვავებული იყო - ჩინეთთან რეგიონის ვაჭრობის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო რუსეთთან 9 მილიარდს აღემატებოდა. 

  • ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდა 2013 წელს, "ერთი გზა, ერთი სარტყელის" პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაიწყო. უკვე 2015 წელს მაჩვენებელი 30 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. 

  • მასალის ავტორების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი უფრო დაჩქარდა - სანამ რუსეთი გადართული იყო სხვა პრიორიტეტებზე, პეკინმა სწრაფად შეავსო ვაკუუმი და რეგიონის ქვეყნებთან ახალ შეთანხმებებს აფორმებს, როგორც რესურსების მიწოდების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. 

  • ჩინეთის მიზანია ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით თავი დაიზღვიოს შესაძლო გეოპოლიტიკური გართულებებისგან და შეინარჩუნოს ევროპისა და სხვა ბაზრებზე ექსპორტის შეუფერხებელი მარშრუტი. 

დიდი სურათი: უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ჩინეთმა შესამჩნევად შეამცირა ჩრდილოეთის (რკინიგზის მარშრუტი რუსეთის გავლით) მარშრუტის გამოყენება თავისი ექსპორტისთვის. 

  • შესაძლო გეოპოლიტიკური გართულებების გამო ჩინეთი ეტაპობრივად ამცირებს ე.წ. სამხრეთ კორიდორის (სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ინდოეთის ოკეანე, სუეცის არხი) როლსაც 

  • პეკინში შიშობენ, რომ ტაივანთან სერიოზული დაძაბულობის შემთხვევაში ამერიკული ფლოტი მალაკის სრუტეს დაბლოკავს, რომელის სამხრეთ ჩინეთის ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს - ამ სრუტეში ყოველდღიურად გლობალური საზღვაო ექსპორტის 25% და ჩინეთის ნავთობის იმპორტის 80% გადის. 

  • კომენტატორების შეფასებით სწორედ ამით იხსნება ჩინეთის მზარდი ინვესტიციები ცენტრალური აზიის ქვეყანაში - ექსპორტ დამოკიდებული ეკონომიკის მხარდაჭერა ბევრად უფრო მარტივი დამოკიდებულ ქვეყნებში სახმელეთო გზების კონტროლით, ვიდრე აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები. 

კონტექსტი: იმავე მოსაზრებებით არის განპირობებული ჩინეთის მზარდი ინტერესი კასპიისა და შავ ზღვებზე პორტების მიმართ - პეკინს სურს ერთ ხაზზე დააწყოს ქვეყნები, რომელზეც ე.წ. შუა კორიდორი გაივლის. 

 

მსგავსი სიახლეები