საფრანგეთის ახალი ბირთვული დოქტრინა: „წინმსწრები შეკავება“ ევროპის დასაცავად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ბირთვული შეკავების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლების შესახებ გამოაცხადა. ევროპის უსაფრთხოების პარადიგმის ცვლილებასთან ერთად, პარიზი გადადის „წინმსწრები შეკავების“ (forward deterrence) სტრატეგიაზე, რაც გულისხმობს ბირთვული პოტენციალის უფრო აქტიურ როლს კონტინენტის დაცვაში.

ვითარების არსი: ახალი დოქტრინა მოიცავს საფრანგეთის ბირთვული კომპონენტების, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი „რაფალის“ (Rafale) ტიპის გამანადგურებლების დროებით განლაგებას მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე.

  • „დღეს საფრანგეთის შეკავების პოლიტიკაში ახალი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი. ჩვენ ვადგებით იმ გზას, რასაც მე „წინმსწრებ შეკავებას“ ვუწოდებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრეტანში, ილ-ლონგის საზღვაო ბაზაზე გამოსვლისას, სადაც ქვეყნის ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავებია განთავსებული.

  • ამასთანავე, საფრანგეთი გეგმავს ბირთვული ქობინების საერთო მარაგის გაზრდას, თუმცა კონკრეტულ ციფრების გასაჯაროვება არ იგეგმება.

დეტალები: მაკრონის განცხადებით, „თავისუფლებისთვის საჭიროა შიშის დანერგვა, ხოლო შიშის დასანერგად აუცილებელია ძალაუფლება“. ეს სტრატეგია წარმოადგენს მცდელობას, ევროპამ აიღოს საკუთარი ბედი ხელში.

  • აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ ეჭვები: რეგიონში არსებული გაურკვევლობა აშშ-ის ერთგულების მიმართ, რუსეთის აგრესია და ჩინეთის მზარდი გავლენა აიძულებს ევროპულ დედაქალაქებს, დამოუკიდებელი თავდაცვითი მექანიზმები შეიმუშაონ.

  • პოლიტიკური კონტექსტი: ბერლინსა და პარიზს შორის თანამშრომლობა ძლიერდება, რაც გამოიხატება საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრებში. გერმანია უკვე გეგმავს ფრანგულ ბირთვულ წვრთნებში მონაწილეობას.

  • „ევროპული განზომილება“: როგორც მაკრონმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი არ ცვლის ნატოს არსებულ სტრუქტურას და არ ცდილობს აშშ-ის შეცვლას, საფრანგეთის ბირთვული ქოლგა უნდა გახდეს ევროპული თავდაცვის დამატებითი გარანტია.

  • შარლ დე გოლის დროიდან მოყოლებული, ყველა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ფრანგული ბომბი ევროპის სასარგებლოა და რეგიონული უსაფრთხოების მთავარი ნაწილია.

ამასთანვე, პრეზიდენტმა მკაცრად გაუსვა ხაზი, რომ საფრანგეთის ბირთვული პოლიტიკა რჩება სრულიად ავტონომიური:

  • გადაწყვეტილების მიღება: ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ხელში რჩება. არ იგეგმება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ან კოლექტიური კონტროლი.

  • სტრატეგიული ბუნდოვანება: საფრანგეთი ინარჩუნებს დოქტრინას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეუძლია ბირთვული დარტყმის ბრძანება გასცეს „სასიცოცხლო ინტერესების“ დასაცავად, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული „წითელი ხაზების“ გარეშე.

გამოხმაურება: პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენ ვშეიარაღდებით ჩვენს მეგობრებთან ერთად, რათა ჩვენმა მტრებმა არასოდეს გაბედონ ჩვენზე თავდასხმა“. 

  • შიშები: საფრანგეთში ოპოზიციური ძალები, კერძოდ „ეროვნული გაერთიანება“, ამ ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს საფრანგეთის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. პარალელურად, გერმანიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა აშშ-ს ევროპიდან გასვლისკენ უბიძგებდეს, რაც გერმანიას მოწყვლადს გახდის.

ტექნიკური დეტალები: საფრანგეთს მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს, დაახლოებით 300 ქობინით. მათი გამოყენება შესაძლებელია ოთხი წყალქვეშა ნავიდან  ან „რაფალის“ ავიაგამანადგურებლების მეშვეობით. ოფიციალური პირების თქმით, საფრანგეთი თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 13 პროცენტს ბირთვული შეკავების შენარჩუნებაზე ხარჯავს.

აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს თითოეულს ათასობით ქობინი აქვს, თუმცა ფრანგული დოქტრინა ითვალისწინებს, რომ მას მხოლოდ იმდენი იარაღი სჭირდება, რომ მოწინააღმდეგისთვის „გამოუსწორებელი ზიანი“ მიაყენოს და ამით საფრანგეთის ტერიტორიაზე თავდასხმა შეაკავოს.

ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილი „წინმსწრები შეკავების“ (forward deterrence) ახალი დოქტრინა ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც საფრანგეთის ბირთვული პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა, მიუხედავად დოკუმენტის სტრატეგიული მნიშვნელობისა, ანალიტიკოსები მასში როგორც მასშტაბურ გარდატეხებს, ისე გარკვეულ ხარვეზებს ხედავენ.

სტრატეგიული ცვლილებები და „გარდატეხები“: ახალი დოქტრინა ორ ძირითად სტრატეგიულ ცვლილებას ეფუძნება, რაც საფრანგეთის მიდგომას ბევრად უფრო პროაქტიულს ხდის:

  • „საკმარისობის“ კონცეფციაზე უარი: საფრანგეთი ზრდის არსენალის მასშტაბს, რითაც ტოვებს აქამდე არსებულ „საკმარისობის“ (sufficiency) პრინციპს. ეს ცვლილება, სავარაუდოდ, მიმართულია რუსეთ-ჩინეთის მზარდი ალიანსის საპასუხოდ და ითვალისწინებს ფრანგული რაკეტების ზოგიერთი ევროპული ქვეყნების ავიაციაში ინტეგრაციას, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების უფლების გაზიარების გარეშე.

  • ახალი კრიტერიუმი „მიუღებელი დაზიანებისთვის“: დისკურსიდან ქრება ტერმინები „მიუღებელი დაზიანება“ და „ძალაუფლების ცენტრების“ სამიზნეში ამოღება. მათ ცვლის ბევრად უფრო ფართო და ბუნდოვანი კრიტერიუმი: მოწინააღმდეგე სახელმწიფო არ უნდა იყოს უნარიანი, „გამოჯანმრთელდეს“ ან აღდგეს საფრანგეთის საპასუხო დარტყმის შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები