უარი ტომაჰავკებზე და დაძაბული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში

17 ოქტომბერს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის შორეული რაკეტების გადაცემას. 

ვითარების არსი: დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა. 

  • Axios-ის ცნობით, ტრამპმა მკაფიოდ გამოხატა აზრი, რომ ამ დროისთვის დიპლომატიას ემხრობა, შორეული რაკეტების გადაცემა კი მისი აზრით ძირს გამოუთხრის დიპლომატიურ ძალისხმევას. 

  • უკრაინელ პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ ვაშინგტონს შეიარაღების ახალი სისტემების შესახებ კონკრეტული შეთანხმებებით დატოვებდა - "თუმცა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ ტოტალურად განსხვავებულ განწყობის ტრამპი აღმოაჩინა"- წერს Axios. 

ჩაშლილად: ერთ-ერთი წყაროს შეფასებით შეხვედრა "არ იყო მარტივი", ხოლო მეორეს თქმით ეს "უბრალოდ ცუდი შეხვედრა" იყო. 

  • "საუბარი მაღალ ტონებში არ გადასულა, მაგრამ ტრამპი საკმაოდ ხისტი იყო. შეხვედრის განმავლობაში მან რამდენჯერმე მკაცრი პოზიცია დაიკავა, რაღაც ეტაპზე ეს ზომაზე მეტად ემოციურიც იყო"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

  • 2.5-საათიანი შეხვედრა წყაროების ცნობით, უცერემონიოდ დასრულდა - "ვფიქრობ შეხვედრა დასრულებულია, ვნახოთ რა იქნება"- თქვა ტრამპმა და ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიანიშნა. 

დაეწიე ამბავს: ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში შეხვედრაზე 16 ოქტომბერს გამართული რიგით მერვე სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ. შეხვედრა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაიმართება. 

  • წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის პუტინთან გამართული საუბრის შესახებ მოუყვა. 

  • ტრამპმა შეხვედრაზე თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის ამჟამინდელი დიპლომატიური წინადადება ფრონტის არსებულ ხაზებზე გაყინვას გულისხმობს. 

  • ამ პოზიციაზე მიანიშნა ტრამპმა შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტშიც, რომელშიც ზელენსკისა და პუტინს მოუწოდა გაჩერებულიყვნენ იქ სადაც არიან - "დაე ორივემ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად, დაე ისტორიამ განსაჯოს"- წერდა ტრამპი. 

  • შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპი ჟურნალისტებთან არ გამოსულა და პირდაპირ ფლორიდის რეზიდენციისკენ გაემართა. 

ახლო ხედით: თეთრი სახლიდან გამოსულმა ზელენსკიმ ევროპელი ლიდერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა - ზოგიერთი მათგანი დაბნეული იყო ტრამპის უეცრად შეცვლილი პოზიციით. 

  • თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან ტომაჰავკის რაკეტებზეც ისაუბრეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ თემას საჯაროდ აღარ განიხილავენ - "რადგანაც ამერიკას არ სურს ესკალაცია."
  • "რეალისტი ვარ"- იყო ზელენსკის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ოპმისიტურად განწყობილი შორეული რაკეტების საკითხზე. 

  • წყაროების ცნობით, ზელენსკი თანმიმდევრულად საუბრობდა შორეულ რაკეტებზე, თუმცა ტრამპმა ხისტი პოზიცია დაიკავა და არ გამოუვლენია მოქნილობა. 

დიდი სურათი: ონლაინ კონფერენციის მსვლელობისას ბრიტანეთის პრემიერმა ღაზას სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავების ინიციატივა გააჟღერა. 

  • ნატოს გენერალური მდივნის ინიციტივით კვირას გაიმართება ევროპული ქვეყნების უმაღლესი დონის უსაფრთხოების მრჩევლების კონფერენცია. 

კონტექსტი: შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი ამბობდა, რომ ზელენსკის მთავარი პრიორიტეტი არამხოლოდ ტომაჰავკების, არამედ შეიარაღების ახალი სისტემების შესახებ კონკრეტული შეთანხმბების განაღდება იქნებოდა. 

  • დონალდ ტრამპმა უარი თქვა ახალი ტიპის შეიარაღების გადაცემაზე. 

 

მსგავსი სიახლეები