ახსნილი: ირანის რეჟიმში მთავარი პერსონები ამერიკასთან მოლაპარაკებების მოლოდინში
აშშ-ის პრეზიდენტმა ორშაბათს მიანიშნა, რომ ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმებას უახლოვდება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დასაწყისში ისრაელის მიერ ირანის უმაღლესი ლიდერების ლიკვიდაციის შემდეგ, გაურკვეველია, ვინ მართავს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში და რომელ ოფიციალურ პირებს აქვთ რეალური უფლებამოსილება აშშ-თან შეთანხმების დასადებად.
სიტუაციის ანალიზი: მოკლულთა შორის არიან უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი და ალი ლარიჯანი, რომელიც ხამენეის სიკვდილის შემდეგ დე ფაქტო სამოქალაქო ლიდერად მოიაზრებოდა. ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, ოფიციალურად გახდა მამის მემკვიდრე, თუმცა ის კვლავ ჩრდილში რჩება.
- აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ ვაშინგტონი გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ფიგურად არც საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განიხილავს, რომელიც ომამდე ბირთვული მოლაპარაკებების ორივე რაუნდს ხელმძღვანელობდა.
- ტრამპმა ლიდერობის საკითხი ორშაბათს კიდევ უფრო გაართულა, როდესაც განაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლა შესაძლოა მალე მოხდეს. ამასობაში, ისრაელი კვლავ განაგრძობს ნადირობას ირანელ ლიდერებზე, მათ შორის მოჯთაბა ხამენეიზე.
მოვლენების განვითარება: WSJ-ის თანახმად, ეგვიპტის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა მოახერხეს არხის გახსნა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“. ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, მათ წარადგინეს წინადადება საომარი მოქმედებების ხუთი დღით შეჩერების შესახებ, რათა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნდობის საფუძველი შექმნილიყო.
- მიმდინარე დღეებში გააქტიურებულმა დიპლომატიამ წარმოშვა წინასწარი დისკუსიები ამ კვირის ბოლოს პაკისტანში ან თურქეთში აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის პირისპირ შეხვედრის შესახებ.
- ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის ზოგიერთ ლიდერს შეუძლია აშშ-ირანის ურთიერთობებში უკეთესი ეპოქის დასაწყისი გახდეს - „ჩვენ საქმე გვაქვს ზოგიერთ ადამიანთან, ვინც მიმაჩნია, რომ ძალიან გონიერი და სერიოზულია,“ - თქვა მან. „შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდეს ზუსტად ის, ვისაც ვეძებთ. შეხედეთ ვენესუელას, რა კარგად გვარდება იქ ყველაფერი“.
- ირანის პარლამენტის სპიკერმა და ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა გადარჩენილმა ოფიციალურმა პირმა, მოჰამედ-ბაღერ ყალიბაფმა ორშაბათს მიანიშნა, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ იყო - „ირანელი ხალხი ითხოვს აგრესორების სრულ და სამაგალითო დასჯას".
ყურის ქვეყნები: გასულ კვირას გამართული ფარული დისკუსიების დროს, არაბი ლიდერები განსაკუთრებით ფოკუსირებულნი იყვნენ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე - ადგილი, სადაც, მსოფლიო ნავთობის ექსპორტის 20% გადის.
- დისკუსიებში ჩახედული ოფიციალური პირების თქმით, მათ მოითხოვეს, რომ სრუტეს ზედამხედველობა გაუწიოს ნეიტრალურმა კომიტეტმა, რომელიც ყველა გემისთვის უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფს.
- „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ უპასუხა, რომ ირანმა ტრანზიტული გემებისგან გადასახადი უნდა აკრიფოს, ზუსტად ისე, როგორც ამას ეგვიპტე სუეცის არხის შემთხვევაში აკეთებს.
- ყურის ქვეყნების წარმომადგენლები გადასახადის იდეას შეეწინააღმდეგნენ.
ირანელი ლიდერების სია, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ირანის ომის დასრულებაზე:
მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი

ისრაელის ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპი, ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, სწორედ, ყალიბაფს გულისხმობდა. მეორე წყაროს ცნობით კი, აშშ-სა და ირანს შორის შეტყობინებები ნამდვილად გაიგზავნა, თუმცა ყალიბაფთან პირდაპირი კონტაქტი არ შემდგარა.
ყალიბაფის თანახმად კი, აშშ-თან მოლაპარაკებები არ შემდგარა და დასძინა, რომ მსგავსი ოპტიმიზმი „გამოიყენება ფინანსური და ნავთობის ბაზრებით მანიპულირებისთვის და იმ ჭაობიდან თავის დასაღწევად, რომელშიც აშშ და ისრაელი არიან გაჭედილები“.
დეტალები: ყალიბაფი, რომელიც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილი გენერალი და თეირანის ყოფილი მერია, ამჟამად ირანის გადაწყვეტილების მიმღებ წრეში ყველაზე მაღალი რანგის სამოქალაქო მოხელეა. ის მოჯთაბა ხამენეის ახლო მოკავშირეა.
- ყალიბაფმა საკვანძო როლი ითამაშა გასული წლის ივნისის „12-დღიან ომში“. კვირას დილით კი მან უპასუხა ტრამპის მუქარას ირანის ელექტროსადგურების დაბომბვის შესახებ და გააფრთხილა, რომ საპასუხოდ ირანი ყურის ქვეყნებისა და ისრაელის ენერგეტიკულ ობიექტებს დაბომბავდა.
- ყალიბაფი დიდი ხანია მიიჩნევა რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ გავლენიან ფიგურად, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს „გუშაგთა კორპუსთან“, თუმცა ის ასევე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი მისი ქონებისა და სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გამო.
მეორე მხარე: ყალიბაფმა უარყო აშშ-თან ყოველგვარი მოლაპარაკების ფაქტი და ამერიკულ განცხადებებს „ფეიკ ნიუსი“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს „ფინანსური და ნავთობის ბაზრებით მანიპულირებას“.
მოჯთაბა ხამენეი

მოჯთაბა ხამენეიმ მამა, ალი ხამენეი, ირანის ომის დაწყებიდან მალევე ჩაანაცვლა. კრიტიკოსები მოჯთაბას დაწინაურებას ეწინააღმდეგებოდნენ მისი ლიდერული გამოცდილების ნაკლებობისა და რეჟიმის დინასტიური მმართველობისადმი ზოგადი უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
ომის დაწყებისთანავე, ისრაელმა მოჯთაბა თავისი სამიზნეების სიის სათავეში მოაქცია. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მოჯთაბა „დაიჭრა და სავარაუდოდ დასახიჩრდა“ იმ დარტყმის შედეგად, რომელმაც მამამისი იმსხვერპლა.
რეალობის შემოწმება: მოჯთაბას ფიზიკური მდგომარეობა, ადგილსამყოფელი და როლი ირანის ომში კვლავ საიდუმლოდ რჩება, - წერს Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი.
- 16 მარტს, კუვეითური გამოცემა Al-Jarida, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიად მიიჩნევა, იტყობინებოდა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრის შემდეგ მოსკოვში მკურნალობს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA), მოსადი და სხვა სადაზვერვო უწყებები ნებისმიერ პოტენციურ გადაადგილებას აკვირდებიან. მათ ჯერჯერობით არ უნახავთ იმის ნიშნები, რომ მოჯთაბა აქტიურად ხელმძღვანელობს საომარ მოქმედებებს.
აბას არაღჩი

არაღჩი მაღალი კვალიფიკაციის მქონე დიპლომატი და პოლიტიკოსია, რომელიც ამჟამინდელ პოსტს 2024 წლიდან იკავებს. მან ვიტკოფთან და კუშნერთან ბირთვული მოლაპარაკებების ორივე რაუნდი წარმართა.
Wall Street Journal-ი მას ახასიათებს, როგორც „რეჟიმის ერთგულ მოხელესა და დაუნდობელ მომლაპარაკებელს“.
ინტრიგა: არაღჩიმ უარყო ტრამპის ულტიმატუმი ირანის ელექტროსადგურების „აღგვის“ შესახებ.
- გასული წლის განმავლობაში, დაძაბულობის სხვადასხვა ეტაპზე, არაღჩისა და ვიტკოფს შორის მიმოწერები ვაშინგტონსა და თეირანს შორის კომუნიკაციის ძირითად არხს წარმოადგენდა.
- თუმცა, არაღჩი უარყოფს ვიტკოფთან ყოველგვარ პირდაპირ კონტაქტს ომის დაწყების შემდეგ.
- აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ არაღჩი რეჟიმის ამჟამინდელ იერარქიაში უფლებამოსილია დადოს შეთანხმება.
- მიუხედავად ამისა, მათ შესაძლოა ის კვლავ იხილონ მაგიდის მეორე მხარეს ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებაზე.
პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

მასუდ ფეზეშქიანი ირანის პრეზიდენტად 2024 წელს, რადიკალ კანდიდატებზე გამარჯვების შედეგად აირჩიეს. ის ამჟამად უფრო ზომიერი, რეფორმისტული ფრაქციის ლიდერია.
დეტალები: პრეზიდენტის პოსტი ირანში მნიშვნელოვანი თანამდებობაა, თუმცა იერარქიულად ის უმაღლეს ლიდერზე დაბლა დგას.
- ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ, ფეზეშქიანი ქვეყნის დროებით „მმართველ საბჭოში“ შეიყვანეს.
- ფეზეშქიანს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება გააჩნია ირანის ყოველდღიურ მართვაში, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის არ წარმოადგენს ირანის სამხედრო დაგეგმარებისა თუ დიპლომატიის მთავარ ცენტრს.
IRGC-ის ლიდერები

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC) უზარმაზარი გავლენა აქვს ირანის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ამჟამად, როდესაც ქვეყანა ომშია და ძალაუფლების გარკვეულ ვაკუუმს განიცდის.
დეტალები: გავრცელებული ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეი უმაღლეს ლიდერად მეტწილად სწორედ „გუშაგთა კორპუსთან“ მისი მჭიდრო კავშირების გამო აირჩიეს. ჯგუფმა მას მხარდაჭერა აღუთქვა და ომის პირველ დღეებში განაცხადა, რომ „მზად არის სრულად დაემორჩილოს“ მოჯთაბას ბრძანებებს.
- მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, IRGC-მა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პირდაპირი როლი ითამაშოს, ამ დაჯგუფებას შეუძლია გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მიმდინარეობასა და მისი შეწყვეტის ნებისმიერ მცდელობაზე.