ზელენსკი ლიეტუვას ეწვია და ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტებსაც გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 იანვარს, დაუანონსებელი ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე (X) დაწერა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსში ის გეგმავს მოლაპარაკებებს პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტესთან, ასევე სეიმის სპიკერთან ვიქტორია ჩმილიტ-ნილსენთან.  

გარდა ამისა, ის შეხვდება პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და უკრაინულ საზოგადოებას.

"დღის წესრიგში შედის უსაფრთხოება, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, თანამშრომლობა ელექტრონული ომისა და ავიაციის სფეროში, ევროპული მხარდაჭერის შემდგომი კოორდინაცია. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი მადლიერება უკრაინის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის 2014 წლიდან და განსაკუთრებით ახლა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისას," - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან დაამატა, რომ ვილნიუსიდან ტალინსა და რიგაში ჩავა.

ამასთანავე, მედიის ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები