ანგარიში საქართველოზე: რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი" და რა წერია დოკუმენტში?

12 მარტს საქართველოს შესახებ ეუთოს (OSCE) მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ძირითადად კრიტიკული მოსაზრებებია დაფიქსირებული.

 რა არის "მოსკოვის მექანიზმი"?

"მოსკოვის მექანიზმი" ეუთოს მიერ შემუშავებული პროცედურაა, რომლის ამოქმედების დროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან იქმნება ექსპერტების სპეციალური კომისია, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით აწარმოებს კვლევას. კვლევაზე დაფუძნებით იწერება ანგარიში, ხოლო ანგარიშის საფუძველზე შესაძლოა ამოქმედდეს ისეთი საერთაშორისო ბერკეტები, როგორებიც არის სანქციები, საერთაშორისო სასამართლო და სხვა.

კომისიის ანგარიშის შექმნაში არ იღებენ მონაწილეობას განსახილველი ქვეყნის მოქალაქეები და რეზიდენტები.

ვითარების არსი: 2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. ანგარიში ეხება 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ “საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით განვითარებული მოვლენებს” და აღნიშნული მოვლენების გავლენას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, სასამართლო სისტემასა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა კომპონენეტებზე.

  • 14-დღიანი მისიის შედეგად მომზადებული ანგარიშის მთავარი მომხსენებელი პროფესორი პატრიცია გჟებიკია, რომელიც “ქართული ოცნების”, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ანგარიშის მიხედვით, “მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას.”

მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში საუბარია 2024 წლის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე - პოლიტიკოსებზე, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე, რამაც დოკუმენტის მიხედვით “ზოგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მიაღწია წამების ზღვარს.” 

  • მომხსენებლის დასკვნით, ქვეყანაში იკვეთება ძალადობისა და დაუსჯელობის ხასიათი, რაც შერწყმულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობასთან. საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე დაყრდნობით, დოკუმენტი დეტალურად განიხილავს დემოკრატიულ უკუსვლას და რეაგირებისკენ მოუწოდებს სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.

ამის საფუძველზე, ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები - საქართველოს, ეუთოს წევრებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

დეტალები: მოცემულ რეკომენდაციებში მომხსენებელი მოითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ და „მაუწყებლობის შესახებ“ სადავო კანონების სრულ გაუქმებას, რადგან მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ცვლილებების გზით შეუძლებლად არის მიჩნეული. დოკუმენტი მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, ხოლო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნებს - საქართველოს საკითხის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) გადაცემას, პოლიტიკური დევნისა და სავარაუდო, წამების ფაქტების გამო. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობას ეძლევა რეკომენდაცია, უზრუნველყოს ქვეყნიდან წასული პირების დაცვა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებით.

ნახეთ რეკომენდაციები სრულად:

თავისუფალი არჩევნები

  1. ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე.

  2. განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

  3. მომავალ არჩევნებზე მიწვეულები იყვნენ საგარეო დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთო/ODIHR-ის მისია). მიწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რათა ODIHR-მა შეძლოს საარჩევნო მისიის სათანადოდ განხორციელება.

  4. თავი შეიკავონ ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, დაშინებისა და მუქარის კამპანიებისგან.

  5. თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციირებისგან. გაწვეულ იქნას ამჟამად განხილვაში არსებული სარჩელები.

  6. გაუქმდეს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე).

საკანონმდებლო რეფორმები

  1. გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (TFI), „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტი (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში არსებული დებულებები უცხოური გრანტების შესახებ. კანონების საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამობის მასშტაბიდან გამომდინარე, მომხსენებელი არ მიიჩნევს მათ შესაბამისობაში მოყვანას შესაძლებლად მიზნობრივი ცვლილებების გზით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, ისინი, მინიმუმ, უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

  2. ანალოგიურად, გაუქმდეს ბოლო დროინდელი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსობრივი შეზღუდვების შესახებ (54-ე მუხლი).

  3. გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება  ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერების იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებების მეშვეობით, გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნულის შეცვლის აკრძალვებს.

  4. სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა დავიწროვდეს და გახდეს უფრო სპეციფიკური, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რაც საშუალებას იძლევა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს მთავრობის კრიტიკოსზე, რომელიც ხვდება TFI-ს ან FARA-ს მოქმედების ქვეშ.

  5. გაუქმდეს დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის აბსოლუტური აკრძალვის რეგულაცია. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის.

  6. უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია.

წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა

  1. დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული გამოყენება, კერძოდ, წამება და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

  2. უზრუნველყოფილ იქნას ძალის პროპორციული გამოყენება იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც ავლენენ ძალადობრივ ქცევას.

  3. ჩატარდეს დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და სასტიკი მოპყრობის ბრალდებებზე.

  4. უზრუნველყოფილ იქნას, რომ დაკავებისა და დაკავებულების ტრანსპორტირების პროცესი შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსების პირობებს. 

  5. მაქსიმალურად მოხდეს ბავშვების დაცვა საპოლიციო რეიდების გავლენისგან და დაინერგოს ბავშვზე ორიენტირებული პრაქტიკა საპოლიციო ოპერაციების დროს.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

  1. დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა პატიმარი, განსაკუთრებით ოპოზიციის წევრები. თავი შეიკავონ მომავალში მათი პოლიტიკური ნიშნით დაკავებისგან.

  2. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დისკუსიის სხვა მონაწილეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო არიან დაკავებულები. თავი შეიკავონ მომავალში მსგავს გარემოებებში დაკავებისგან.

  3. თავისუფლების აღკვეთისას დაცული იყოს კანონიერების, პროპორციულობისა და სამართლებრივი პროცესის პრინციპები.

სამართლიანი სასამართლოს უფლება

  1. უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაცვა, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა და იურიდიულ დახმარებაზე სწრაფი წვდომა სისხლის სამართლის პროცესში.

  2. გარანტირებული და დაცული იყოს სასამართლო დამოუკიდებლობა, მათ შორის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო რეფორმის მეშვეობით.

  3. თუ არ არსებობს უსაფრთხოებიდან გამოწვეული რისკები, შეწყდეს ბრალდებულების განთავსება სასამართლო პროცესების დროს ნებისმიერი სახის “გალიაში”.

  4. უზრუნველყოფილ იქნას, რომ იურისტებს ჰქონდეთ წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, საქმეებსა და დოკუმენტებზე ისეთ ვადებში, რაც საჭიროა ეფექტური სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

  5. უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო პროცესების ადეკვატური გამჭვირვალობა.

  6. რეფორმირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რათა დაკავება არ ეფუძნებოდეს მხოლოდ პოლიციის დაუდასტურებელ ჩვენებას.

შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება

  1. უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2020 წლის 37-ე ზოგადი კომენტარი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრეცედენტული სამართალი.

  2. დაცული იყოს სპონტანური შეკრებების უფლება, როგორც შეკრების უფლების ნაწილი.

  3. შეწყდეს იმ ჟურნალისტების "მიზანში ამოღება", რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს.

  4. თავი შეიკავონ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დაჯარიმებისგან.

  5. თავი შეიკავონ იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების თვითნებური სანქცირებისგან, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობის პოლიტიკასა და ქმედებებს.

  6. უზრუნველყოფილ იქნას უფლებადამცველთა დაცვა გაეროს 1998 წლის დეკლარაციის „ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ“ და ეუთო/ODIHR-ის 2014 წლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

  7. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე შეზღუდვები დავიდეს იმ ნიშნულამდე, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

  8. თავი შეიკავონ ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუმართლებელი რეპრესიისგან. ასევე მათი ღჭურვილობისა და მასალების უსაფუძვლო ჩამორთმევისგან ან დაზიანებისგან.

  9. გაუქმდეს მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებული გადაჭარბებული შეზღუდვები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

  1. შეწყდეს სტიგმატიზაციისა და დაშინების კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლგბტ+ პირების წინააღმდეგ და შესაბამისად შეიცვალოს კანონები.

  2. უზრუნველყოფილ იქნას, რომ არ შეგროვდეს არასაჭირო პერსონალური მონაცემები, ხოლო სენსიტიური მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი - მათ შორის TFI-ს და FARA-ს იმპლემენტაციის პროცესში.

ანგარიშვალდებულება

  1. სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს ყველა საჭირო საშუალება და რესურსი, რათა მან შეძლოს დაკისრებული ამოცანის - მათ შორის პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება.

  2. დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული წამებისა და სასტიკი მოპყრობის ყველა ბრალდება პოლიციის/უსაფრთხოების ძალებისა და დაუდგენელი, ნიღბიანი პირების მხრიდან.

  3. უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე.

  4. უზრუნველყოფილ იქნას სრული რეაბილიტაცია და კომპენსაცია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სასტიკი მოპყრობის ყველა მსხვერპლისთვის.

  5. გატარდეს შესაბამისი დისციპლინური ზომები იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც სარწმუნოდ არიან მხილებულნი სერიოზულ გადაცდომებში.

საერთაშორისო თანამშრომლობა

  1. საქართველომ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, რომელთა მანდატი ვრცელდება ქვეყანაზე და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.

  2. ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), რათა გაირკვეს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ბრალდებები.

  3. აღიაროს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი კომისიის კომპეტენცია (1949 წლის ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად) და მოახდინოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დარჩენილი ცვლილებების რატიფიცირება, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გათვალისწინებით.

  4. მოახდინოს 2006 წლის „ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის" შესახებ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება.

გარდა ამისა, მოსკოვის მექნიზმის ავტორებმა რეკომენდაციები მისცეს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომელიც შემდეგ ჩამონათვალს მოიცავს: 

  1. მოითხოვონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას.

  2. უზრუნველყონ მოსკოვის მექანიზმის მიგნებების სისტემატური მონიტორინგი, მათ შორის მუდმივმოქმედ საბჭოში პერიოდული განხილვების გზით.

  3. განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.

  4. გააგრძელონ ძალისხმევა ყველა შესაბამის აქტორს შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის.

  5. მომავალი არჩევნებისთვის გაგზავნონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

  6. განიხილონ საქართველოში ეუთოს ოფისის გახსნა.

  7. მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებს საქართველოში და ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებსაც დევნიან.

რეკომენდაციები საერთაშორისო თანამეგობრობას

  1. მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შეტყობინებასა და დოკუმენტირებას.

  2. განიხილონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი პირებისა და მათზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელების წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით.

  3. უზრუნველყონ იმ ადამიანების დაცვა და დახმარება, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მინიჭების გზით, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული დაზიანებებისა და ტრავმების მკურნალობის გზით.

  4. მხარი დაუჭირონ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის დევნილობაში მყოფი სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობის გზით.

  5. დაეხმარონ საქართველოს აუცილებელი სამართლებრივი რეფორმების გატარებაში.

  6. ხელი შეუწყონ გაეროს სპეციალური პროცედურების ჩართულობას ადამიანის უფლებების დაცვასა და პოპულარიზაციაში და განიხილონ საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გახსნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს:

    • ა) თვითნებური დაკავების საკითხებზე სამუშაო ჯგუფს (WGAD);

    • ბ) სპეციალურ მომხსენებელს წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის საკითხებში;

    • გ) სპეციალურ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებში;

    • დ) სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში;

    • ე) სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში;

    • ვ) სპეციალურ მომხსენებელს მოსამართლეთა და ადვოკატთა დამოუკიდებლობის საკითხებში;

    • ზ) სპეციალურ მომხსენებელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში;

    • თ) სპეციალურ მომხსენებელს უმცირესობათა საკითხებში;

    • ი) სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში;

    • კ) დამოუკიდებელ ექსპერტს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში;

    • ლ) სპეციალურ მომხსენებელს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებში;

    • მ) ქალთა და გოგონათა დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს.

  7. აქტიურად ჩაერთონ საქართველოს “საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის” (UPR) შემდგომ მონიტორინგში.

  8. ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ OPCW-ს აღმასრულებელი საბჭოსთვის მიმართვა - საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტების გასარკვევად.

  9. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენა კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად.

  10. ECHR-ის წევრმა ქვეყნებმა, ისევე როგორც სხვა ორგანოებმა - როგორიცაა ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სამოქალაქო ორგანიზაციები, შესაძლოა განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და მომავალ პროცესებში ჩართვა.

  11. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში, ECHR-ის წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც სამოქალაქო ორგანიზაციები, შესაძლოა აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების აღსრულებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით.

  12. წამების საწინააღმდეგო კონვენციის (CAT) მონაწილე სახელმწიფოებმა შესაძლოა განიხილონ სახელმწიფოთაშორისი შეტყობინების წარდგენა წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტში.

  13. CAT-ის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა განიხილონ სარჩელის წარდგენა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

  14. წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, ისევე როგორც გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა (SPT), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოში არსებულ ვითარებას.

  15. ვენეციის კომისია ჩართული უნდა იყოს შესაბამისი კანონპროექტების შემდგომ შეფასებებში.

  16. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოს საკითხის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.

  17. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეიძლება განიხილოს საქართველოში მისია.

  18. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს განმარტება იმის შესახებ, თუ რა გზით უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი სამართალი ევროპული კონვენციის დებულების ეფექტურ იმპლემენტაციას (ECHR-ის 52-ე მუხლი).

ქართული ოცნების პოზიცია

თითქმის 200-გვერდიან ანგარიშში მოცემულია ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და სახელმწიფო უწყებების პასუხები. “ქართული ოცნება” უარყოფს ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს და აღნიშნავს, რომ ისინი სცდება მოსკოვის მექანიზმის მანდატს.

მათი შეფასებით, ანგარიშში ტერმინების - “წამებისა” და “არაადამინაური მოპყრობის” გამოყენება არა გადამოწმებულ ფაქტებს არამედ სუბიექტურ აღქმებს ეფუძნება, ხოლო რაც შეეხება ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებას, “ოცნება” აცხადებს, რომ მათ არ გამოუყენებიათ არც ერთი აკრძალული ნივთიერება.

უარყოფითი პოზიცია აქვს მმართველ პარტიას კანონების გაუქმების რეკომენდაციებზე - მაგალითისთვის, ახლახანს მიღებულ კანონს “გრანტების შესახებ” ოცნება კვლავ “გამჭვირვალობისა” და “ანგარიშვალდებულების” გაზრდის სურვილით ხსნის, ხოლო ე.წ. FARA-ზე აცხადებს, რომ ის დიდწილად იმეორებს “აშშ-ის კანონის შინაარსს, სტრუქტურასა და აღსრულების მექანიზმებს.”

როგორ ხდება "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება?

  • ეუთოს წევრმა ქვეყანამ შესაძლოა თავად მოითხოვოს მექანიზმის ამოქმედება.

  • ეუთოს ექვსმა წევრმა ქვეყანამ მოითხოვოს სხვა ქვეყანაში მექანიზმის ამოქმედება, ამ შემთხვევაში ხდება მოლაპარაკება შესასწავლი ქვეყნის წარმომადგენლებთან.

  • ეუთოს ათმა ან მეტმა ქვეყანამ მოითხოვოს შემსწავლელი კომისიის შექმნა, ამ შემთხვევაში განხილვის ობიექტ სახელმწიფოსთან წინასწარი მოლაპარაკებები არ ტარდება.

  • ეუთოს მმართველი ან მუდმივი საბჭოს მოთხოვნით.

"მოსკოვის მექანიზმის" მაგალითები

პროცედურა 1991 წელს შეიმუშავეს. დღემდე "მოსკოვის მექანიზმი" 17-ჯერ აამოქმედეს. ქვემოთ მოცემულია "მოსკოვის მექანიზმის" ამუშავების ცნობილი მაგალითები:

1992 წელი - ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა

მიზეზი: ყოფილ იუგოსლავიაში, ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

დასკვნა: ექსპერტებმა დაადასტურეს ეთნიკური წმენდის შემთხვევები, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები.

შედეგი: მასალები გამოძიებისას გამოიყენა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა.

2003 წელი - თურქმენეთი

მიზეზი: ქვეყნის პრეზიდენტზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ამოქმედებული მასობრივი რეპრესიები.

დასკვნა: გამოვლენილია პოლიტიკური დევნისა და სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილებების ფაქტები.

შედეგი: დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, თურქმენეთში რეალური ცვლილებები არ მომხდარა.

2010 წელი - ბელარუსი

მიზეზი: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების დარბევა.

დასკვნა: დადგენილი არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი დაჭერების ფაქტები.

შედეგი: ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები მიიღო.

ბელარუსის წინააღმდეგ მექანიზმი კიდევ ორჯერ, 2020 და 2023 წელს აამოქმედეს. შედეგად ქვეყნის წინააღმდეგ გაძლიერდა სანქციები, ასევე დასანქცირდა პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

2018, 2022, 2023 წლები - რუსეთი

მიზეზი: 2018 წელს კომისია LGBT ადამიანების დევნის, წამებისა და მკვლელობის ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა. ხოლო ყველა მომდევნო წელს ექსპერტების კომისია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებდა.

დასკვნა: ყველა ჯერზე ექსპერტებმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ომის დანაშაულები, მოსახლეობის იძულებითი გადასახლების ფაქტები გამოავლინეს.

შედეგი: მასშტაბური ეკონომიკური და პირადი სანქციები რუსეთისა და რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, პოლიტიკური იზოლაცია, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი.

მსგავსი სიახლეები