ტრამპის კრიტიკულ განცხადებას პუტინზე კრემლმა "ემოციური გადაღლით" ახსნა

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინის შესახებ გავრცელებული კრიტიკული განცხადება კრემლის პრესსპიკერმა ამერიკელი პრეზიდენტის "ემოციური გადაღლით" ახსნა - ცოტა ხნით ადრე ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო დარტყმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "პუტინი შესაძლოა შეიშალა."
State Of Play: ამის შესახებ დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ყოველდღიური ბრიფინგზე განაცხადა - მისი თქმით, სამშვიდობო პროცესის ინიცირებისთვის რუსეთი შეერთებული შტატების მადლიერია, მაგრამ "ვლადიმირ პუტინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რუსეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს."
- "ეს ძალიან კრიტიკული მომენტია, რაც ცხადია დაკავშირებულია პროცესში ჩართული ადამიანების ემოციურ გადაღლასთან, რაც სავსებით ნორმალურია"
- 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა - 355 დრონისა და 69 რაკეტის გამოყენებით. მსგავსი მასშტაბის შეტევა მიიტანა რუსეთმა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე 23 მაისსაც.
Big Picture: რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა "მას რაღაც დაემართა."
- "ის მთლად შეიშალა. ის ყოველგვარი საჭიროების გარეშე კლავს ძალიან ბევრ ადამიანს და მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ"- თქვა ტრამპმა.
- პუტინის გარდა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინელი პრეზიდენტის განცხადებები ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და უკეთესი იქნება თუ ეს მალე დასრულდება.
- ამასთანავე ტრამპი ჯერ კიდევ არ ამბობს დაუწესებს, თუ არა ახალ სანქციებს რუსეთს.
Сontext: ტრამპისგან ახალი სანქციების დაწესებას ევროპელი ლიდერები ჯერ კიდევ 16 მაისს, პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ელოდნენ, თუმცა მაშინ ტრამპმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა.
- პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმს წარმოადგენდა.
- მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის შესაძლო ადგილადაც ტრამპმა ვატიკანი დაასახელა ამ დრომდე არ გამართულა და უცნობია გაიმართება თუ არა საერთოდ. რაც შეეხება ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს დმიტრი პესკოვის თქმით, მასზე მუშაობა გრძელდება და კიევი დოკუმენტს უახლოეს დღეებში მიიღებს.
Go Deeper: დიპლომატიის მოლოდინში კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურობასა და ბუფერულ ზონაზე საუბრობს