უკრაინა: რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე სიმშვიდის შენარჩუნება ‘კრიტიკულად მნიშვნელოვანია’

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყების საფრთხეს გამოეხმაურა.

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე... და პანიკის გამომწვევი ქმედებები თავიდან ავირიდოთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მოვლენების განვითარებას გამუდმებით თვალს ადევნებენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერ მცდელობას უკუაგდებენ“, - განაცხადა საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

უკრაინის მთავარი დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ კიევი რუსული ინტერვენციის განახლების სხვადასხვა სცენარებისთვის ემზადება და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტზეა.

„აშშ-ს და ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების პაკეტის მომზადების დასრულებამ, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებამ და გაწეულმა მაკროფინანსურმა დახმარებამ ჩვენი სახელმწიფო ძლიერ პოზიციაში ჩააყენა“, - აცხადებს ნიკოლენკო.

11 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლება შესაძლოა ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე სცადოს.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს - ეუთოს საფრთხის შემცირების მექანიზმის ფარგლებში - საზღვართან ახლოს სამხედრო მანევრების შესახებ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რისთვისაც მოსკოვს 48 საათი აქვს.

ესკალაციის ქრონიკა: უკრაინა-რუსეთის შესახებ ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები