აპარატის უფროსმა აღიარა, რომ ბოლო წლებში ბაიდენის კოგნიტური უნარები გაუარესდა

ჯო ბაიდენის გავლენიანმა თანაშემწემ და მისი აპარატის ყოფილმა უფროსმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე აღიარა, რომ ბოლო წლებში ჯო ბაიდენის კოგნიტური უნარები გაუარესდა.
ვითარების არსი: ამის შესახებ ჯეფ ზიენსტი კონგრესის დახურულ სპეციალურ კომისიას ესაუბრა, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მისი სახელით გაცემული სკანდალური შეწყალებების საკითხს იძიებს.
- ზიენტსის თქმით, ვადის მეორე ნახევარში ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობები შესამჩნევად გაუარესდა, პრეზიდენტს უჭირდა სახელების და თარიღების დამახსოვრება - წყაროების ცნობით, ეს ბაიდენის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა დროსთან ერთად პრობლემა უფრო გამწვავდა.
- მისი თქმით, ვადის მიწურულს ბაიდენს სულ უფრო მეტი შეხვედრა ჭირდებოდა, რომელიმე საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
ჩაშლილად: ზიენტსი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნების წრიდან, რომელმაც აღიარა, რომ ჯო ბაიდენის კოგნიტური უნარები დროსთან ერთად დაქვეითდა.
- ზიენტსმა გაიხსენა პირველ ლედისთან გამართული საუბარიც, რომელშიც ჯილ ბაიდენმა აპარატის უფროსად ახალდანიშნულ ზიენტს თხოვა პრეზიდენტის სამუშაო დღე იმგვარად დაეგეგმა, რომ ჯო ბაიდენი თეთრი სახლის საცხოვრებელ არეალში "ადრე დაბრუნებულიყო, მეტი დრო ჰქონდა დასვენებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და თავისი თავისთვის."
- ზიენტსის თქმით, მსგავსი თხოვნით მიმართა ბაიდენის მრავალწლიანმა პერსონალურმა თანაშემწემ ენ ტომასინიმ - აპარატის უფროსს თხოვეს ღონისძიებების იმგვარად დაგეგმვა, რომ "მაქსიმალურად შემცირებულიყო პრეზიდენტის მიერ ფეხით გასავლელი დისტანცია და კიბეების რაოდენობა."
სტრიქონებს შორის: კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებაში ზიენტსმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი მამის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს აქტიურად იყო ჩართული შეწყალებების საკითხის გადაწყვეტაში და მონაწილეობდა შესაბამის შეხვედრებში.
- აპარატის ყოფილი უფროსის თქმით, მას არასდროს გაუგზავნია წერილი, რომელიც პრეზიდენტის მიერ ე.წ. ავტო-კალმის გამოყენების ავტორიზაციას მოახდენდა.
- ზიენტსის თქმით, კონტროვერსიულ შეწყალებების აქტზე ავტო-კალმის გამოყენების ავტორიზაცია ბაიდენის ერთ-ერთმა თანაშემწემ გასცა.
კონტექსტი: ზიენტსის გამოკითხვით კომისიას დაასრულა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დაკითხვა. გასულ კვირებში გამოკითხულმა ბაიდენის ყოფილმა პრეს-სპიკერებმა, იან სემსმა და ენდრიუ ბეიტსმა აღიარეს, რომ ბოლო წლებში პრეზიდენტს ფიზიკურად სულ უფრო იშვიათად ხედავდნენ.
- სემსისა და ბეიტის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ისინი ბაიდენის რამდენიმე თანაშემწესთან ურთიერთობდნენ და მათგან იღებდნენ ინსტრუქციებს.
- ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის ენ ტომასინის და ჯილ ბაიდენის თანაშემწის, ენტონი ბერნალის ჩათვლით კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლება გამოიყენეს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
- მეხუთე შესწორება გამოიყენა ჯო ბაიდენის ყოფილმა პერსონალურმა ექიმმა, კევინ ო'კონორმაც.