აშშ აღარ შეეწინაღმდეგება გაზსადენ Nord Steam 2-ის პროექტს

აშშ-მ და გერმანიამ გაზსადენ Nord Stream 2-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს - ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პოზიცია შეიცვალა და აღარ შეეწინაღმდეგება ევროპაში რუსულ გაზსადენს. ამ დათმობის სანაცვლოდ გერმანია იღებს ვალდებულებას აღმოუჩინოს დახმარება უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. 

გერმანიასა და აშშ-ის შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერდა გამოცემა Bloomberg-იც. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, პროექტის განხორციელების სანაცვლოდ გერმანია და აშშ შეეცდებიან 1 მილიარდამდე დოლარის ინვესტიცია ჩადონ უკრაინის ე.წ. მწვანე ფონდში, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ეტაპობრივად გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე. 

პროექტის მიხედვით გერმანია ფონდში პირველადი შენატანის სახით 175 მილიონ დოლარს ჩადებს. ამასთანავე გერმანია იღებს ვალდებულებას დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და უკრაინის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. 

გარდა ამისა, გერმანია ვალდებულია გამოიყენოს გავლენის ბერკეტები, რათა კიდევ 10 წლით გაგრძელდეს რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის გავლით. 

Nord Stream 2 გაზპრომის გაზსადენია, რომლითაც რუსული გაზი ევროპულ სახელმწიფოებს უნდა მიეწოდოს. გაზსადენის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. 

აშშ გაზსადენის საკითხი მყარი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატებიც მიიჩნევდნენ, რომ გაზსადენი არა კომერციული, არამედ კრემლის გეოპოლიტიკური პროექტია, რომელსაც ვლადიმირ პუტინი შანტაჟისთვის გამოიყენებს. 

თავის მხრივ ამერიკულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდა გერმანიაც, რომელიც აშშ-ს პოზიციას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებდა. 

გასულ კვირას ანგელა მერკელმა კანცლერის რანგში ვაშინგტონში უკანასკნელი ვიზიტი გამართა. ვიზიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერკელმა და ბაიდენმა განაცხადეს, რომ გაზსადენთან დაკავშირებით თანხმობას კვლავაც ვერ მიაღწიეს. 

მსგავსი სიახლეები