ტრამპი თეირანს მკაცრი პასუხით ემუქრება - რა ძალები ჰყავს აშშ-ს რეგიონში
ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.
ვითარების არსი: ირანში მიმდინარე დემონსტრაციებმა, რომლებიც ორი კვირის წინ ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო, კულმინაციას შაბათს, ინტერნეტის ორდღიანი ბლოკადის ფონზე მიაღწია. აქციებმა ირანის 31-ვე პროვინციის ასობით ქალაქი მოიცვა.
- საპროტესტო აქციების მასშტაბის ზრდასთან ერთად, ისლამურმა რესპუბლიკამ რეპრესიები გაამკაცრა და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთა შესახებ ცნობები, სხვადასხვა წყაროსა თუ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიხედვით, ხუთი ათასიდან ოცი ათასამდე მერყეობს.
გამოხმაურება: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა უპასუხოდ არ დარჩება.
- 13 იანვარს, საკუთარ სოციალურ ქსელში, ამერიკელმა პრეზიდენტმა „ირანელ პატრიოტებს“ პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
- „ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი სახელმწიფო ინსტიტუტები! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA!!! (გახადეთ ირანი კვლავ დიადი!!!)“ - დაწერა პრეზიდენტმა.
- ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანის ლიდერები არ გამოიჩენენ ჰუმანიზმს დაკავებული მომიტინგეების მიმართ და მათ სიკვდილით დასჯიან, აშშ „იმოქმედებს ძალიან ძლიერად“.
ბოლო ცნობები: როგორც სამმა დიპლომატმა განუცხადა სააგენტო Reuters-ს, გარკვეულ პერსონალს მიეცა რეკომენდაცია, ოთხშაბათს საღამომდე დატოვონ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის სამხედრო-საჰაერო ბაზა; ეს ხდება ვაშინგტონის იმ გაფრთხილებების ფონზე, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა აშშ ირანში მომიტინგეების დასაცავად ჩაერიოს.
- კატარის ალ-უდეიდის აშშ-ის სამხედრო ბაზა ყველაზე დიდია ახლო აღმოსავლეთში და იქ განთავსებულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) შტაბი.
- მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ირანის ტერიტორია.
- ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე მზადყოფნის დონე გაიზარდა, რაც, როგორც წესი, მოსალოდნელი თავდასხმების პერიოდში ცხადდება.
სამხედრო შესაძლებლობები: ამ დროისთვის აშშ-ის ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში, ახლო აღმოსავლეთში, არცერთი ავიამზიდი და, შესაბამისად, არც საავიამზიდო დაჯგუფება არ იმყოფება; თუმცა მთელ რეგიონში გაშლილია სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები, ამასთანავე, ავტონომიურად განთავსებულია სამი გამანადგურებელი ხომალდი.

დამრტყმელი საშუალებები: ამ მომენტისთვის აშშ-ის სამხედრო ძალები შეზღუდული საშუალებებით არის წარმოდგენილი, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს პოტენციური სამხედრო ოპერაციის ხარისხზე.
გამანადგურებელი გემები: 3 ავოტონიმიურად განთავსებული საესკადრო ნაღმოსანი (გამანადგურებელი). გემი, რომელიც აჭურვილია Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეთებითა და SM-6 ჰაესაწინააღდოგო რაკეტებით, რაც საშუალებას იძლევა, აწარმოოს თავდასხმიდი და თავდაცვითი ოპერაციები ერთდროულად.
- USS Mcfaul და USS Mitscher სპარსეთის ყურეში, ხოლო USS Roosevelt წითელ ზღვაში.

ავიაცია: რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის აეროდრომებზე აშშ-ის საჰაერო ძალები საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი; აქ განლაგებულია ავიაგამანადგურებლები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ირანის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიაში ჩართვა, ისე ირანიდან მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების მოგერიება.
-
F-35 ტიპის „სტელსის“ (უჩინარი) ავიაგამანადგურებლები;
-
F-22 ტიპის „სტელსის“ (უჩინარი) ავიაგამანადგურებლები;
-
F/A-18 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები;
-
F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები;
-
F-15 ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები;
-
A-10 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.
.png)
-
ყატარი: ალ-უდეიდის ბაზა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მოწინავე შტაბი და რეგიონში უდიდესი ობიექტი 10,000 სამხედროთი.
-
ბაჰრეინი: აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა; აკონტროლებს სპარსეთის ყურეს, წითელ და არაბეთის ზღვებს.
-
ქუვეითი: „კემპ არიფჯანი“ (არმიის ცენტრალური სარდლობის შტაბი) და ალი ალ-სალემის ბაზა; გამოიყენება ერაყსა და სირიაში ძალების გადასასროლად.
-
საამიროები: ალ-დაფრას საჰაერო ბაზა (სადაზვერვო და საბრძოლო მისიების ჰაბი) და ჯებელ-ალის პორტი, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს ავიამზიდებს.
-
ერაყი: აინ ალ-ასადის ბაზა (მხარდაჭერა ერაყის ძალებსა და ნატოს მისიას) და ერბილის ბაზა (წვრთნები, დაზვერვა და ლოგისტიკა ქურთისტანის რეგიონში).
-
საუდის არაბეთი: 2,300-ზე მეტი სამხედრო. პრინც სულთანის ბაზაზე განთავსებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები (Patriot და THAAD).

იორდანია: მუვაფაქ ალ-სალტის საჰაერო ბაზა (აზრაკი) - აქ განთავსებულია 332-ე საჰაერო საექსპედიციო ფრთა, რომელიც ოპერაციებს მთელ ლევანტის რეგიონში ახორციელებს.
შესაძლო სცენარები: ანალიტიკოსების ვარაუდით, თუ ამერიკის პრეზიდენტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე საჰაერო იერიშის მიტანას გადაწყვეტს, სამიზნე, პირველ რიგში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო და სამეთაურო ობიექტები იქნება. სწორედ ეს სტრუქტურაა პირდაპირ პასუხისმგებელი მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობასა და წამებაზე.
- ამასთანავე, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსალოდნელ საჰაერო კამპანიაში ისრაელიც ჩაერთოს და რეგიონში განლაგებულ ამერიკულ ძალებს დახმარება გაუწიოს.