აშშ-ს კონგრესი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების აქტებს განაცალკევებს

კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა სენატის მიერ მიღებული "ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის აქტის" განცალკევება გადაწყვიტა. 

ამგვარად კონგრესი განცალკევებულად განიხილავს: უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების აქტებს. გარდა ამისა მეოთხე ნაწილი შეეხება სოციალურ ქსელ Tik-Tok-ის აკრძალვას და მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს კონგრესს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს. 

საყურადღებოა, რომ ინიციატივა არ შეიცავს ამერიკის სამხრეთ საზღვარზე ვითარების გამკაცრების შესახებ ზომებს, რამაც შესაძლოა იზოლაციონისტურად განწყობილი რესპუბლიკელების წინააღმდეგობა გამოიწვიოს. 

ჯონსონის თქმით, ოთხივე აქტს კონგრესმენები კენჭს უკვე მიმდინარე კვირას განიხილავენ. 

კონტექსტი 

უკვე რამდენიმე კვირაა მაიკ ჯონსონი სენატის მიერ უკვე დამტკიცებულ პაკეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს. წყაროების ცნობით, კონგრესი განიხილავს უკრაინის დახმარების უზრუნველყოფას სესხის ან გაყინული რუსული აქტივების უზრუნველყოფის სახით. 

ჯონსონის წარმომადგენლის თქმით, სპიკერი ამ დრომდე ცდილობს კონსენსუსური ვარიანტის გამონახვას. 

რესპუბლიკური პარტიის რადიკალი წევრები, მათ შორის მარჯორი ტეილორ გრინი უკრაინის დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გამოტანის შემთხვევაში ჯონსონს იმპიჩმენტით ემუქრება. 

ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების 95 მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინისთვის არის განკუთვნილი სენატმა თებერვალში მიიღო, თუმცა ამ დრომდე დაბლოკილია კონგრესში. 

ამერიკული დახმარების გაჭიანურებამ ადმინისტრაციის წარმომადგენლის მტკიცებით უკვე იქონია უარყოფით გავლენა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის და მისი შემდგომი გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინა ეგზისტენციალური რისკების წინაშე აღმოჩნდება. 

მსგავსი სიახლეები