ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დასავლეთს მოუწოდეს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააჩქარონ
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დასავლეთს მოუწოდეს დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი. შესაბამისი განცხადებები 3 თებერვალს ტალინში, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობის მეთაურების სამმხრივ შეხვედრაზე გაკეთდა.
"მომავალი თვეები ძალიან რთული იქნება. ისინი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდნენ ამ ომში", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ. "ამიტომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო დახმარების საკითხებში."
მის პოზიციას დაეთანხმა ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრისიანის კარინსი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მოთხოვნას აღჭურვილობის შესახებ, რომელიც მათ ომის მოგების საშუალებას მისცემს", - თქვა კარინსმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასიც თვლის, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას დაპირებული დახმარება დროულად უნდა გადაეცეს.
"ახლა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ყოველი ყოყმანით, ყოველი დაგვიანებით, აგრესიის ფასი იზრდება." - აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევა რუსეთის შემოჭრიდან თითქმის პირველივე დღეებიდან დაიწყეს. ბალტიისპირეთის ქვეყნების უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი 2023 წლის 19 იანვარს, ესტონეთის ქალაქ ტაპას მახლობლად, სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას გამოცხადდა.