ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბაბიში და პაველი გავიდნენ

ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრ პაველი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ. ამის შესახებ AFP 14 იანვარს, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ბაბიშს 36.78% აქვს, პაველს კი - 33.72%. მესამე ადგილზე ეკონომისტი დანუშე ნერუდოვაა 14%-ით. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობა 67% იყო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 და 28 იანვარს გაიმართება. ამჟამინდელ პრეზიდენტს, მილოშ ზემანს ვადა მარტში ეწურება. ის ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებდა, ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში და 2023 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა.

AFP აღნიშნავს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი, პირველ რიგში, სიმბოლურ როლს ასრულებს. თუმცა, ის ასევე პასუხისმგებელია მთავრობის, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრაღის სასამართლომ ბაბიში გაამართლა. ყოფილ პრემიერს ბრალად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2 მილიონი ევროს პრაღის მიდამოებში, სასტუმროს ასაშენებლად გამოყენებაში ედება, რომელიც ბაბიშის ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. თავად პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ პროცესი პოლიტიკური ხასიათისაა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

გენერალი პეტრ პაველი არის ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ნატოს სამხედრო კომიტეტს. მას საპატიო ლეგიონის ორდენი 1993 წელს, ხორვატია-სერბეთის ომის დროს, გაეროს ჯარების ფრანგული ნაწილის ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები