ჩილეს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ახალი კონსტიტუციის პროექტს

ჩილეს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა ახალი, უფრო პროგრესული კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმზე გამოიტანეს.

ეს დიდი დარტყმაა ჩილეს პრეზიდენტისთვის, გაბრიელ ბორიჩისთვის, რომლის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ახალი და სოციალურად უფრო სამართლიანი კონსტიტუციის მიღება იყო. 

ახალი კონსტიტუციის პროექტი ქალთა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების გაძლიერებას, განათლების და საცხოვრებელზე ხელმისწავდმობის ზრდას, სახელმწიფოს როლისა და ფუნქციის გაფართოებას ითვალისწინებდა. 

ახალი კონსტიტუციით ასევე დაგეგმილი იყო ჯანდაცვის ერთიანი ეროვნული სისტემის შექმნა და ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეროვნულ პრიორიტეტად გამოცხადება. 

ახალ კონსტიტუციას უნდა შეეცვალა ჩილეს მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანამ 1980 წელს, გენერალ აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს მიიღო. 

კონტექსტი

ახალი კონსტიტუციის პროექტმა ჩილეში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა 2020 წლის სამოქალაქო პროტესტების დროს მოიპოვა.

პოლიტიკური მიმომხილველების ცნობით, გასული 2 წლის განმავლობაში პროცესის სირთულემ და გაურკვევლობამ საზოგადოების იმედგაცრუება და თემით გადაღლა გამოიწვია. 

ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარი მოსახლეობის მხოლოდ 38%-მა დაუჭირა, ხოლო 62% ცვლილების წინააღმდეგ წავიდა. 

რეფერენდუმზე მონაწილეობა სავალდებულო იყო. 

მოსალოდნელია, რომ ახალი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების გატანას პარლამენტის წევრები ცალკეული შესწორებების სახით შეეცდებიან, თუმცა ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს ის, რომ ბორიჩს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები