პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ჩაკეტვამ ევროკავშირში ჩინური ექსპორტი შეაფერხა

პოლონეთ-ბელორუსის საზღვრის ჩაკეტვამ შეაფერხა ევროკავშირში ჩინური ექსპორტისთვის განკუთვნილი ძირითადი მარშრუტი, რამაც პეკინი აიძულა, ვარშავაზე ზეწოლა მოეხდინა, რათა აღადგინოს სატვირთო კავშირი, რომლის წლიური ღირებულებაც 25 მილიარდ ევროს შეადგენს.
ვითარების არსი: პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარი დროებით ჩაკეტა, სადაც ერთობლივი რუსულ-ბელარუსული სამხედრო წვრთნები Запад-2025 მიმდინარეობს.
- გასულ კვირას, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვარი შემდგომ გაფრთხილებამდე ჩაკეტილია.
- ჩაიკეტა სამი სატვირთო სარკინიგზო გადასასვლელი, ერთი საავტომობილო და ერთიც სატვირთო მანქანებისთვის.
- სარკინიგზო მარშრუტების ჩაკეტვა ევროკავშირში ჩინეთის იმპორტზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს, რადგან ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სარკინიგზო ტვირთების 90% პოლონეთზე გადის.
სტრიქონებს შორის: პეკინი, რომელსაც მოსკოვთან და მინსკთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, ახლა ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პოლონეთზე, რათა საზღვარი კვლავ გაიხსნას.
- ორ ქვეყანას შორის ორშაბათს მაღალი დონის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, თავის პოლონელ კოლეგას, რადოსლავ სიკორსკის შეხვდება.
- სარკინიგზო კავშირის განბლოკვა, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.
- ხუთშაბათს, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი "ეფექტურ ზომებს მიიღებს სატრანსპორტო კვანძის უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ინდუსტრიული და მიწოდების ქსელების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."
- "ჩინეთი-ევროპის რკინიგზა ჩინეთ-პოლონეთისა და ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის წამყვანი პროექტია. პროექტი ორივე მხარისთვის სასარგებლოა," - განაცხადა მან.
ჩაშლილად: სტატისტიკა სარკინიგზო მარშრუტის მნიშვნელობაზე მეტყველებს. სატრანსპორტო ბაზრის ანალიტიკოსების, Upply-ის თანახმად, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სარკინიგზო ტვირთების მოცულობა 2024 წელს 10.6%-ით გაიზარდა.
- ჩინეთიდან ევროკავშირში გადაზიდული ტვირთების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და 25 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 84.9%-იანი ზრდაა.
- სარკინიგზო ტრანსპორტი ახლა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მთლიანი წლიური ვაჭრობის 3.7%-ს შეადგენს, წინა წლის კი 2.1% იყო.
- ტვირთბრუნვის ზრდა, დიდწილად, ევროპაში ჩინური ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმების მზარდი პოპულარობითაა განპირობებული.
- ბელორუსის საზღვრის ჩაკეტვის გამო, Temu-ს, Shein-ს და სხვა კომპანიებს, შესაძლოა, პროდუქციის დროულად მიწოდება გაუჭირდეთ.
კონტექსტი: ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ევროკავშირის ქვეყნებზე, ტარიფები დაუწესონ ჩინეთს, რათა აიძულონ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.
- ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პოლონელ კოლეგას შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი უმაღლესი დიპლომატი "პოლონურ მხარესთან გაცვლის მოსაზრებებს ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და საერთო ინტერესების მქონე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე" და "შეიმუშავებს ყოვლისმომცველ გეგმას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში გაცვლებისა და თანამშრომლობისთვის."