დუდა: ვქმნით ისეთი ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემენ

ამჟამად ყალიბდება იმ ქვეყნების სია, რომლებიც Leopard-ის ტანკებს უკრაინას გადასცემენ. ამის შესახებ 17 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

"ჩვენ ვქმნით ისეთი ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემენ. იმედი მაქვს, რომ მოკავშირეები შემოგვიერთდებიან და ჩვენ შევძლებთ მინიმუმ ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის შექმნას." - წერს დუდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანსატანკო ბრიგადაში სამი სატანკო ბატალიონი შედის, რომელთაგან თითოეულს 31 ტანკი უნდა ჰქონდეს. ამრიგად, სატანკო ბრიგადაში 90-ზე მეტი ტანკი უნდა იყოს.

პოლონეთის არმიაში ჯავშანსატანკო ბრიგადა დაახლოებით 100 ტანკისგან შედგება.

კონტექსტი

უკრაინისთვის გერმანული Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავდაპირველად უარი თქვა ამგვარი ნაბიჯის გადაგმაზე, მაგრამ 9 იანვარს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ტანკებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ამას "მეგობრები და მოკავშირეები" გააკეთებენ.

11 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გამოაცხადა, რომ უკრაინა მოკავშირეთა კოალიციისგან გერმანულ Leopard-ის ტანკებს მიიღებს. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას  14-მდე Leopard-ს გადასცემს. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ქვეყანა არის მზად უკრაინას გერმანული ტანკები გადასცეს. თუმცა ამას გერმანიის თანხმობა სჭირდება. ჯერჯერობით ბერლინს მსგავსი გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

13 იანვარს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მხარი დაუჭირა პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Leopard-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას. "არსებობს განსხვავება საკუთარ გადაწყვეტილებებსა და სხვების გადაწყვეტილების ხელის შეშლას შორის", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები