ესტონური დაზვერვა: დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს ომი კიდევ დიდხანს შეუძლია

ესტონეთის თავდაცვის დაზვერვის ცენტრის, მარგო გროსბერგის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს კვლავაც აქვს საიმისო რესურსები, რომ ომი კიდევ დიდ ხანს აწარმოოს.

“რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ ომის სწრაფად დასრულების ნიშნები არაა“, - თქვა პოლკოვნიკმა გროსბერგმა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მარგო გროსბერგმა დეტალურად ისაუბრა რუსების სამხედრო და ადამიანურ რესურსზე.

მისი თქმით, რუსეთის დანაკარგი მიმდინარე ომში უკვე დაახლოებით 100 ათას ადამიანს შეადგენს - ეს მოიცავს მოკლულ, დაკარგულ, ან ისე მძიმედ დაჭრილ სამხედროებს, რომლებსაც ბრძოლა აღარ შეუძლიათ.

ამისდა მიუხედავად, ესტონური დაზვერვის მონაცემებით, მობილიზაციის შედეგად რუსებმა დამატებით 300 ათასი ადამიანი მოაგროვეს.

„მართალია, ისინი ისე კარგად გაწვრთნილები არ არიან, როგორც ისინი, ვინც 24 თებერვალს დაიწყო კამპანია, თუმცა ეს მაინც წარმოადგენს დამატებით ძალას. მარტივი მათემატიკა აჩვენებს, რომ 100 ათასიანი დანაკარგით, უკრაინის ფრონტზე დამატებით 200 ათასის გამოყვანის შესაძლებლობა აქვთ“, - თქვა ესტონური დაზვერვის პოლკოვნიკმა.

ესტონელთა ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა შეიარაღების მხრივაც. 24 თებერვლის შემდეგ, რუსებმა უკვე დაახლოებით 1400 ტანკი დაკარგეს, რაც, გროსბერგის თქმით, „გამაოგნებელი რაოდენობაა“, თუმცა რუსების მარაგის გათვალისწინებით, პროცენტულად არც ისე ბევრია. ესტონელები ამბობენ, რომ დღეის მდგომარეობით, რუსებს მარაგში და შესაკეთებლად ჯამში თითქმის 9000 ტანკი ჰყავთ.

„თუ ავიღებთ, რომ მტრის ერთ ტანკზე სამი მოდის, რუსეთს აქვს პოტენციალი, რომ კიდევ მინიმუმ 3000 ტანკი გაანადგუროს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რიცხვია და საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა მეზობელ ქვეყანას“, - აცხადებს მარგო გროსბერგი.

რუსეთმა ასევე დაკარგა სხვადასხვა სახის დაახლოებით 500 საარტილერიო სისტემა, რაც ჯამში რუსების სარაკეტო სისტემების 10%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ამუნიციას, რუსეთს ომის დასაწყისში 17 მილიონამდე ტყვია ჰქონდა, საიდანაც 10 უკვე დახარჯეს, განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს. თუმცა რუსებს შეუძლიათ, წელიწადში 3.4 მილიონი აწარმოონ. იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსებს ტყვიები ბელარუსიდან, ჩრდილო კორეიდან და ირანიდანაც შემოაქვთ, ესტონელთა გათვლებით, მათ ამუნიცია მინიმუმ კიდევ ერთი წელი ეყოფათ.

ამასთან, ესტონელები ამბობენ, რომ რუსებს იმ რაკეტების კიდევ მინიმუმ ცხრა თვის მარაგი აქვთ, რომლებითაც უკრაინელების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევენ.

ესტონელების თავდაცვის პოლკოვნიკმა რუსულ აეროდრომებზე მომხდარ აფეთქებებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ამას რუსების მორალურ მხნეობაზე აუცილებლად ექნება გავლენა:

„აქ საზღვიდან დაშორებაა მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, თავდასხმის შედეგად მიყენებულ სამხედრო ზიანზე მეტად, ეს დიდი დარტყმაა რუსების მორალზე - ასეთი ღრმად, ასეთ მნიშვნელოვან ბაზებზე ამგვარი ინციდენტები რუსების თავდაჯერებასა და საბრძოლო მორალზე ნამდვილად მოქმედებს“, - ამბობს გროსბერგი.

ფრონტზე ბოლო კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. სამხრეთით, ხერსონსა და ზაპოროჟიაში რუსები თავდაცვით პოზიციებს ამაგრებენ. ამ ადგილებში ჯერჯერობით თავდასხმისთვის ხელსაყრელი ამინდი არაა - ტემპერატურა ნულს ოდნავ ზემოთაა, დიდია ტენიანობა და მიწა ატალახებულია.

თავდასხმითი მოქმედებები ძირითადად ბახმუტის მიმართულებით მიმდინარეობს, სადაც რუსებმა დასახლება კურდუმოვკა დაიკავეს. ესტონელთა თანახმად, ამან რუსებს შანსი გაუჩინა, რომ ბახმუტს სამხრეთიდან მიადგნენ. ბახმუტი დონბასის პატარა ქალაქია, რომლის ასაღებად რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები