"იმედის პლაცდარმი"- რა ხდება დნეპრის მარცხენა ნაპირზე და რა არის ЗСУ-ს მიზანი

ერთ-ერთი ბოლო მიმართულება, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე აგრძელებენ იერიშს ეს ხერსონის ოკუპირებული ნაწილია. დნეპრისნაირი დიდი მდინარის ფორსირებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სამხედრო ექსპერტები ფრონტის ამ მონაკვეთზე ЗСУ-ს გააქტიურებას ნაკლებად ვარაუდობდნენ. 

მიუხედავად ამისა, კონტრიერიშის დაწყების 5 თვის შემდეგ, უკრაინელი მებრძოლები დნეპრის მარცხენა ნაპირზე რამდენიმე პლაცდარმს აკონტროლებენ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია პლაცდარმის არსებობს ოკუპირებულ ნაპირზე, თუმცა მსგავსი დადასტურება მოვისმინეთ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. 14 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინელი მებრძოლები გამაგრდნენ მარცხენა ნაპირზე. 

საყურადღებოა, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის გააქტიურებას იერიშის საწყის ფაზაშივე გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი, რომელიც იმ დროს ჩინეთში იმყოფებოდა ვიზიტით. პუტინმა უკრაინის იერიშს ჩაფლავებული უწოდა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დონეზე არ აღიარებს ЗСУ-ს პლაცდარმის არსებობას, თუმცა თითქმის ყოველდღიურად იუწყება დნეპრის ფორსირების მცდელობების წარმატებული აღკვეთის შესახებ. 

ЗСУ-ს მიერ პლაცდარმის დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი საოკუპაციო სამხედრო დაჯგუფება დნეპრის მეთაური. ახალ მეთაურად საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, მიხაილ ტეპლინსკი დაინიშნა. 

ტეპლინსკის წინაშე არსებული ამოცანა აშკარაა - გაანადგუროს მარცხენა ნაპირზე არსებული უკრაინული პლაცდარმები და რათა ფრონტის ეს მონაკვეთი კვლავ უსაფრთხოდ მიიჩნეოდეს. 

"იმედის პლაცდარმი"

მცირე ზომის კატერებით დნეპრის ფორსირების პირველი მცდელობები უკრაინის არმიამ დაახლოებით 1 წლის წინ წამოიწყო. 

გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როდესაც რუსეთის არმია მარჯვენა ნაპირიდან გარბოდა ЗСУ-მ დაიწყო დნეპრში მდებარე დაჭაობებული კუნძულებზე კონტროლის აღდგენის მცდელობა. დნეპრის ფორსირების მცდლელობები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გრძელდებოდა, თუმცა 6 ივნისს კახოვკის კაშხლის აფეთქება მდინარის ფორსირება რამდენიმე თვით შეუძლებელი გახადა. 

მარცხენა ნაპირზე პირველი წარმატებული გადასხმა და პლაცდარმის ორგანიზება ЗСУ-მ კონტრიერიშის საწყის ფაზაში, ივნისშივე მოახერხა. საუბარია რუსეთის არმიის მიერ აფეთქებული ანტონოვის ხიდის მიდამოებზე, რომელზე კონტროლს უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე ინარჩუნებენ. 

აგვისტოში რუსი Z-ბლოგერები ЗСУ-ს მეორე პლაცდარმზე ალაპარაკდნენ. საუბარია სოფელ კაზაჩიე ლაგერზე, რომელიც ანტონოვის ხიდიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული. 

უკვე ოქტომბერში ე.წ. სამხედრო კორესპონდენტები უკრაინელი მებრძოლების მიერ მარცხენა ნაპირზე ერთდროულად 2 პლაცდარმის დაკავების შესახებ იუწყებოდნენ. ამჯერად საუბარია სოფელ კრინკიზე (კაზაჩიე ლაგერიდან 7კმ) და სოფელ პესჩანოვკაზე (3 კმ ქალაქ ოლეშკიდან). 

BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ ფრონტის ამ რაიონში ზოგიერთი პლაცდარმის კონტროლს. უკრაინელი მებრძოლების მომარაგება მცირე ზომის კატერებით ხორციელდება, რომლებიც დნეპრსა და მის შენაკადებს, კონკასა და კრინკის კვეთავენ. 

გენერალი დმიტრი მარჩენკო, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტში ქალაქ მიკოლაივის თავდაცვას ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ დროისთვის ფრონტის ამ მონაკვეთზე მსახურობს "რთულ მდგომარეობაზე" საუბრობს. 

"ჩვენ მოპირდაპირე ნაპირზე გარკვეული ძალები გადავსხით, მათი მიზანია ადგილზე გამაგრება, რათა დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ ვითარება ძალიან რთულია, რადგანაც არსებობს ბუნებრივი ბარიერი მდინარის სახით. ძალების გადასროლა კი რუსების საცეცხლე კონტროლის პირობებში გვიწევს",- განაცხადა მარჩენკომ უკრაინულ BBC-სთან საუბარში. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ამ მომენტში ЗСУ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეძლოს მოპირდაპირე ნაპირზე მძიმე ტექნიკის გადასროლა და შეძლებისდაგვარად პლაცდარმის გაფართოება. სწორედ ამ ფაქტორზე აქცენტირებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის მეთაურის ყოფილი მოადგილე, ანდრეი რიჟენკო. მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლებს გავლილი აქვთ შესაბამისი წვრთნები და იციან როგორ უნდა იმოქმედონ, თუმცა არმიას არ ყავს საკმარისი რაოდენობის კატერები და არმია არ არის დაცული ციდან. 

რიჟენკოს აზრით, დნეპრის ნაპირას მძლავრი თავდაცვითი ზღუდეების არ არსებობა და ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების სიმცირე უკრაინელ მებრძოლების წარმატების შანსს ზრდის. ამასთანავე რიჟენკოს აზრით, შესაძლებლობების ფანჯარა ЗСУ-სთვის მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ღია. 

ЗСУ-ს მიზანი 

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იდეალურ სცენარში ისინი არამხოლოდ შეინარჩუნებენ უკვე დაკავებულ ტაქტიკურ პლაცდარმებს, არამედ შეძლებენ მათ ერთიან ოპერაციულ სივრცეში გადატანას, რაც ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში წინსვლის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. 

უკრაინული არმიის მთავარი მიზანი ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი ე.წ. პერეკოპის ყელია, სადამდაც დაახლოებით 100 კილომეტრია.

ყირიმთან დამაკავშირებელ ტერიტორიამდე ЗСУ-ს პირველადი მიზანი ოლეშკი-ნოვა კახოვკას დამაკავშირებელი მაგისტრალის გადააჭრა. უკრაინელი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი პლაცდარმიდან მაგისტრალამდე მანძილი 5-7 კილომეტრია. 

უკრაინის საინფორმაციო წინააღმდეგობის ცენტრის მკვლევარი, კონსტანტინ მაშოვეცი მეხუთე არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი არა სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზის, არამედ როკადული მაგისტრალის გაკონტროლება, რომელიც ფრონტის ხაზის პარალელურად მდებარეობს. 

მაშოვეცის თქმით, ხერსონის ძირითად მაგისტრალებზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთის არმია ვერ შეძლებს რეზერვების ოპერატიულად გადასროლას პრობლემურ მონაკვეთებზე. "მოწინააღმდეგე ვერ შეინარჩუნებს მარცხენა ნაპირს, თუ კი ის მანევრირების სივრცეს დაკარგავს",- ასკვნის ექსპერტი. 

ზაპორიჟიაში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის, ვლადიმირ როგოვის თქმით, ЗСУ-მ უკვე ოლეშკი-ნოვა კახოვკას დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაჭრა, თუმცა ეს ცნობები ჯერჯერობით არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით. 

"პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მორღვეული გვაქვს ლოჯისტიკა კინბურნის ნახევარკუნძულსა და ოლეშკის შორის. საბრძოლო მასალებით მომარაგება შემოვლითი გზებით ხდება, რაც ზრდის დროს და ართულებს პროცესს",- განაცხადა როგოვმა.

ფრონტის ამ მონაკვეთმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო რაც 13 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა მარცხენა ნაპირიდან არმიის უკან დახევის შესახებ შეგვატყობინეს. გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ორივე სააგენტომ ახალი ამბავი წაშალა და მკითხველს შეცდომისთვის ბოდიში მოუხადა. 

ზოგი უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსული სააგენტოების მცდარი შეტყობინება შესაძლოა კინბურნის ნახევარკუნძულზე რუსეთის არმიისთვის გართულებულ მდგომარეობას უკავშირდებოდეს. 

კინბურნს უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რომელიც პრაქტიკულად მიკოლაივისა და ხერსონის პორტის კარიბჭეს წარმოადგენს. კინბურნის დეოკუპაცია არამხოლოდ გახსნის ამ პორტებისკენ მიმავალ საზღვაო გზებს, არამედ რუსეთის საარტილერიო დარტყმებისგან დაიცავს სრუტის საპირისპირო მხარეს მდებარე ქალაქ ოჩაკოვს. 

მიუხედავად ამისა, როგორც ზევით ვახსენეთ ЗСУ-ს მთავარი მიზანი ყირიმიდან ამომავალი ლოჯისტიკური მარშრუტების ჩაჭრაა. "ჩვენთვის ახლა საკმაოდ ხელსაყრელი მომენტია, რათა მივუახლოვდეთ ყირიმს",- ამბობს ანდრეი რიჟენკო. 

რა შეიძლება მოხდეს

8 ნოემბერს გავრცელდა პირველი დადასტურებული ცნობები, რომ უკრაინამ დნეპრის მარცხენა ნაპირზე ჯავშანტექნიკის გადასხმა შეძლო, თუმცა ბოლო დღეებში ოკუპანტების დაჯგუფება აძლიერებს წნეხს ЗСУ-ს პლაცდარმზე. 

Z-ბლოგერების ცნობით, რუსეთის არმია შეძლო უკრაინული დანაყოფების განდევნა კრინკის სატყეო ზოლიდან, უკრაინელთა პლაცდარმის წინააღმდეგ მუშაობს Солнцепек-ის სახელით ცნობილი თერმობარული საარტილერიო სისტემები და ავიაცია. 

ამავე წყაროების ცნობით, 12-13 ნოემბერს საარტილერიო ცეცხლის საფარის ქვეშ ЗСУ-მ პლაცდარმზე გამაგრებული დანაყოფების როტაცია დაიწყო. 

კონსტანტინ მაშოვეცი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ქმედებებზე - ექსპერტის თქმით, ოკუპანტებს ჯერ არ აუმოქმედებიათ საოპერაციო რეზერვები და პრობლემის გადაჭრას მცირე ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ. 

მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარების დასახელებისგან სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა თავს იკავებს. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე მებრძოლი უკრაინელი ოფიცერი BBC-სთან ანონიმურ საუბარში ამბობს, სტაბილური ლოჯისტიკის გამართვა და მძიმე ტექნიკის სისტემური გადასროლის უზრუნველყოფა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოფიცრის თქმით, დნეპრის მარცხენა ნაპირზე ЗСУ-ს ოპერაციას წარმატების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ კი სახეზე იქნება იერიშები ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც. 

ოფიცერი ამბობს, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე უკრაინული შენაერთების გააქტიურება შებოჭავს რუსეთის ძალებს და წაართმევს მანევრირების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიცერი ყირიმთან გარღვევის შანსებს სკეპტიკურად აფასებს.

მსგავსი სიახლეები