ირანის სარაკეტო დარტყმები დიეგო-გარსიაზე და დასკვნები - WSJ

გამოცემა The Wall Street Journal-ი აქვეყნებს მასალას, სადაც განხილულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო-გარსიაზე, სადაც, ამერიკული საზღვაო და საჰაერო ბაზებია განლაგებული, ორი ბალისტიკური რაკეტის გასროლის ფაქტი.

ვითარების არსი: სტატიის ავტორის თქმით, ირანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საომარ მოქმედებებს მათთვის უფრო ხელსაყრელ სივრცეში - მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს.

  • თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ირანის ერთ-ერთი მიუღებელი მოთხოვნა შეზღუდული სარაკეტო პროგრამაა.
  • ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ ფონზე, რომ სულ რამდენიმე დღის წინ რეჟიმმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ამერიკულ და ბრიტანულ სამხედრო ბაზას, დიეგო-გარსიას, ცეცხლი გაუხსნა.

დეტალები: The Journal იუწყება, რომ ბოლო დღეებში ირანელებმა ბაზის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. ერთი მიზნამდე ვერ მივიდა, ხოლო მეორეს ჩამოსაგდებად აშშ-ის ძალებმა Standard Missile-3 (SM-3) ტიპის ანტი-რაკეტა გამოიყენეს.

  • ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებზე დაყრდნობით, ავტორი აღნიშნავს, რომ ეს გაშვება ირანული რაკეტის მიერ განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმის მცდელობაა.
  • მისი თქმით, ამ თავდასხმამ ცხადყო ირანული შეიარაღების რეალური ძალა - რეჟიმმა გადალახა ის 2000-კილომეტრიანი ლიმიტი, რომელსაც წლების განმავლობაში თავადვე აცხადებდა.
  • საგულისხმოა, რომ დიეგო-გარსია ირანიდან დაახლოებით ორჯერ მეტი მანძილითაა დაშორებული, რაც საფრთხის მასშტაბებს რადიკალურად ცვლის.

დიდი სურათი: სტატიაში ხაზგასმულია, რომ ინდოეთის ოკეანეში ბრიტანულ-ამერიკული სტრატეგიული ფორპოსტის მიზანში ამოღება საფრთხის აშკარა დადასტურებაა.

  • ავტორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად „არჩევითი ომის“ გამო გაჟღერებული კრიტიკისა, პრეზიდენტი ტრამპი მართებული იყო, როდესაც პრევენციულად იმოქმედა, სანამ ირანული რაკეტების რაოდენობა და სიზუსტე კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
  • მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ რაკეტების მოქმედების არეალი მხოლოდ ისრაელის პრობლემა აღარ არის. ავტორის აზრით, თეირანი აშკარად ისწრაფვის, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროპის ქალაქები და, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ტერიტორიაც.
  • ეს კი მოკავშირეებისთვის იმის სიგნალი უნდა იყოს, რომ მათი ინტერესი სწორედ შეერთებული შტატების მხარდაჭერაშია, მიუხედავად ტრამპის პოლიტიკური სტილისადმი მათი დამოკიდებულებისა.

თავდაცვა: გარდა ამისა, ტექსტი სარაკეტო თავდაცვის სისტემების, კერძოდ THAAD-ისა და SM-3-ის ეფექტურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

  • ავტორი იხსენებს, რომ თავის დროზე ამ სისტემების შექმნა დაპირისპირების საგანი იყო და მათ ხშირად „პროვოკაციულად“ მოიხსენიებდნენ. თუმცა, მიმდინარე ომი აჩვენებს, თუ რამდენად მცდებოდა კრიტიკოსების ლოგიკა.
  • დასკვნის სახით, სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპის მცდელობა, შექმნას ე.წ. „ოქროს გუმბათის“ (Golden Dome) ფარი აშშ-ის ტერიტორიისთვის, სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. დიეგო-გარსიას მიმართულებით განხორციელებული გასროლები კი ავტორისთვის არის „სრული სიცხადის მომენტი“ ამერიკის მტრების რეალური ზრახვების შესახებ.

მსგავსი სიახლეები