ირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ქალების მასობრივი დევნა განახლდა

ირანის ხელისუფლებამ განაახლა ქალების დევნა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დახურა ირანის უმსხვილესი ელექტრონული კომერციის, ირანულ Amazon-ად ცნობილი კომპანია Digikala-ს ოფისი, რომელთა ქალი თანამშრომლები საჯარო სივრცეში თავსაბურავის გარეშე შენიშნეს. 

გარდა ამისა, განახლდა ე.წ. ზნეობის პოლიციის დანაყოფების პატრულირება ქუჩებში, კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტა ასობით კაფე და რესტორანი, რომელშიც "თავისუფლად ჩაცმული" ქალები შეამჩნიეს. 

ქალების დევნა განახლდა ირანის სიდიდით მეორე ქალაქ, მაშდადში, სადაც დაიხურა სავაჭრო ცენტრი და მასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, რომელზეც უთავსაბურავო ქალები შენიშნეს. 

კონტექსტი 

მაჰსა ამინის მკვლელობისა და მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან 10 თვის შემდეგ, ირანის მთავრობა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო ქალებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. 

ირანის მთავრობის განცხადება ტონის მნიშვნელოვანი ცვლილების მომასწავებელია - გასულ თვეებში ბევრი ირანელი ქალი განსაკუთრებით ქვეყნის დიდ ქალაქებში დემონსტრაციულად უარს ამბობდა თავსაბურავის ტარებაზე. საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში კანონის აღსრულება საგრძნობლად შესუსტდა. 

2022 წლის სექტემბერში თეირანში სტუმრად მყოფი 22 წლის სტუდენტი, მაჰსა ამინი, ზნეობის პოლიციამ თავსაბურავის ტარების წესის დარღვევის გამო დააპატიმრა. საპატიმროში ცემის შემდეგ ამინიმ გონება დაკარგა, სტუდენტი 3-დღიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოქმნილ საპროტესტო მოძრაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უხეში ძალით და დარბევებით უპასუხა. მიუხედავად ამისა მიიჩნეოდა, რომ მთავრობა ჰიჯაბის ტარების წესთან დაკავშირებით უთქმელ კომპრომისზე წავიდა და კანონის აღსრულება სინამდვილეში შეამსუბუქა. 

ე.წ. ზნეობის პოლიცია ქუჩებიდან თითქმის სრულად გაქრა, დანაყოფები ძირითად იმ ბიზნესის მფლობელებს აწუხებდნენ, სადაც უთავსაბურავო ქალებს ემსახურებოდნენ. 

16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული პოლიციის პრესსპიკერი ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს 'არჩევანი' წესის დამრღვევი ქალების სამართლებრივი დევნის გარდა. 

"თუ ქალები არ დაემორჩილებიან პოლიციელის მოწოდებებს, ჩვენ მოგვიწევს ეს საქმეები პროკურატურას გადავცეთ",- განაცხადა მონთაზერი ალ-მაჰდიმ. 

მისი თქმით, წესების გამკაცრება მიზნად ისახავს "სოციალური სოლიდარობის და ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას." ალ-მაჰდი აღნიშნავს, რომ წესების აღსრულებისკენ გამკაცრებას პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც ითხოვდა. 

საყურადღებოა, რომ გასულ კვირებში "ზნეობის წესების დამრღვევი ქალებისთვის" უჩვეულო სასჯელები გახშირდა. მაგალითად, ქალაქ ვარამინში, თავსაბურავის ტარების წესის დარღვევის გამო, ქალს ადგილობრივ პროზექტურაში 1 თვის განმავლობაში ცხედრების დაბანვა მიუსაჯეს. 

"სოციალური ავადმყოფობის განკურნებისთვის" ფსიქოლოგიური კლასის გავლა დააკისრეს ცნობილ ირანელ მსახიობს, აზადე სამადის, რომელიც თავისი ახლობლის დაკრძალვაზე ჰიჯაბის ნაცვლად კეპით იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები