პალესტინის აღიარების პასუხად ისრაელი დასავლეთ ნაპირის ანექსიას განიხილავს

დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საპასუხოდ ისრაელის მთავრობა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ანექსიას განიხილავს.
არსებული ვითარება: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი ოკუპირებულად მიიჩნევა. ისრაელის მხრიდან ამ ტერიტორიის ანექსია კი ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული.
- წყაროების ცნობით, ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრმა, რონ დერმერმა ემანუელ მაკრონის მრჩეველთან, ანნ კლერ ლეჟანდრთან საუბარში თქვა, რომ ისრაელი დასავლეთ ნაპირის С-სექციის ანექსიას აპირებს - ე.წ. სექცია С დასავლეთ ნაპირის 60%-ს შეადგენს.
- გასულ კვირას, ისრაელის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი პალესტინის აღიარების საპასუხო ზომების განსაზღვრა იყო.
- წყაროების ცნობით, ანექსიას აქტიურად უჭერს მხარს სამთავრობო კოალიციაში შემავალი ულტრა-მემარჯვენე პარტიები, ასევე ებრაული ახალმოსახლეების ლობი ქნესეთში.
დაეწიე ამბავს: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და კანადის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სექტემბრის მიწურულს გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.
- ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფო აღიარებული აქვს 150 ქვეყანას.
- მოკავშირეების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ხოლო ისრაელის მთავრობა მათ შეკავებას პალესტინური ადმინისტრაციის შევიწროებით ცდილობს და აღიარების შემთხვევაში უფრო მკაცრი ნაბიჯებით იმუქრება.
- გასულ პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ მისცემენ ვიზებს პალესტინური ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გაეროს ასამბლეაზე სურთ დასწრება და გააუქმებენ ადრე გაცემულ ვიზებსაც. ნიუ-იორკში ჩასვლას ვერ შეძლებს პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასიც.
სტრიქონებს შორის: Axios-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ხოლო რონ დერმერის მიერ ფრანგი კოლეგასთან გაჟღერებული გეგმა მათ შორის ყველაზე მაქსიმალისტურია.
- კიდევ ერთი ვარიანტი დასავლეთ ნაპირზე განლაგებული ებრაული ახალშენებისა და დამაკავშირებელი გზების ანექსიაა, რაც დასავლეთ ნაპირის 10%-ს გაუტოლდება.
- კიდევ ერთი ვარიანტი, ახალშენებისა და მათთან მისასვლელ გზებთან ერთად იორდანიის ხეობის ანექსიაა, რაც დასავლეთის ნაპირის 30%-ს შეადგენს.
ჩაშლილად: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების შეფასებით, დასავლეთ ნაპირის ანექსიით ისრაელი დაარღვევს როგორც გაეროს წესდებას, ასევე ჟენევის კონვენციას.
- ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ანექსია ისრაელის მიმართ ევროკავშირის სანქციებს გამოიწვევს.
- არაბული წყაროების ცნობით, დასავლეთის ნაპირის ანექსიის შემდეგ რიგი არაბული ქვეყნები იძულებულები გახდებიან დააქვეითონ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩერონ ნორმალიზაციის პროცესი.
კონტექსტი: დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორჯერ დაბლოკა ისრაელის მთავრობის ინიციატივა დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსირებასთან დაკავშირებით.
- პირველად 2020 წელს, როდესაც ნეთანიაჰუ დასავლეთ ნაპირის 30%-ის ანექსიას გეგმავდა, სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ისრაელ-პალესტინის დიდი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.
- "მე ძალიან გავბრაზდი და ეს გეგმა დავბლოკე, რადგანაც ეს ძალიან შორს მიდიოდა"- ამბობდა დონალდ ტრამპი 2021 წელს ბარაკ რავიდთან ინტერვიუში.
- მეორედ ნეთანიაჰუს მთავრობის მხრიდან ანექსიის გეგმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში დაბლოკა.
- დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს არაბთა გაერთიანებული სამეფოს შეიხთან ერთად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებებში გადაიზარდა.
რასთან გვაქვს საქმე: Axios-ის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუსთვის გადამწყვეტი 2020 წლის მსგავსად ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია იქნება - მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ დროისთვის არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი ნეთანიაჰუს გეგმას დათანხმდება.