ირანთან დაძაბულობის ფონზე, აშშ ისრაელში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაიწყო ისრაელში საელჩოდან „არა-არსებითი“ სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია, რაც ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე „უსაფრთხოების რისკებით“ ახსნეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო კამპანია შესაძლოა გარდაუვალი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ირანს შეუძლია ბალისტიკური რაკეტები გაუშვას ისრაელისა და რეგიონში არსებული აშშ-ის სამიზნეების მიმართულებით.

  • ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა ბეირუთის საელჩოდანაც გაიყვანა ყველა არაარსებითი პერსონალი და მათი ოჯახის წევრები. ირანზე მიტანილმა დარტყმებმა, შესაძლოა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომის დაწყება გამოიწვიოს.

რას ამბობენ: „პირებს შესაძლოა სურდეთ განიხილონ ისრაელის დატოვება, სანამ კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

  • აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ საელჩოს პერსონალისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში დაწერა, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს პარასკევსვე უნდა გააკეთოს.
  • ევაკუაცია ეხება მხოლოდ არაარსებით პერსონალს, ხოლო საელჩო ფუნქციონირებას განაგრძობს. ქვეყანაში დარჩებიან ელჩი, დიპლომატები და აშშ-ის პერსონალი, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეების დახმარების, უსაფრთხოების, სამხედრო, პოლიტიკურ და სადაზვერვო საკითხებზე.

მთავარი სიახლე: პრეზიდენტმა ტრამპმა, სამშაბათს, „ერის მდგომარეობის“ შესახებ გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ამავდროულად, ისაუბრა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პოტენციური ომის შესაძლებლობაზე.

  • ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა ხუთშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ბრიფინგი გაუმართა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტების შესახებ. დეკემბერში ირანთან დაწყებული კრიზისის ფონზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ტრამპთან ბრიფინგი გამართა.
  • ბოლო კვირების განმავლობაში, ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მასშტაბური სამხედრო მობილიზება ბრძანა. ადმირალ კუპერის ბრიფინგი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებით შესაძლოა გარდაუვალი იყოს.

კონტექსტისთვის: მიმდინარე სამხედრო მობილიზება, პრეზიდენტისთვის გამართული სამხედრო ბრიფინგები და ისრაელში საელჩოს ევაკუაცია მკვეთრ კონტრასტში მოდის აშშ-ის, ირანისა და ომანის ოფიციალური პირების განცხადებებთან, რომ ხუთშაბათს ჟენევაში გამართული „ბირთვული მოლაპარაკებები“ იყო „პოზიტიური“ და პროგრესული.

მეორე მხარე: ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ „ამერიკის ნებისმიერი გაუაზრებელი ქმედება რეგიონში ფართომასშტაბიან ხანძარს გამოიწვევს“.

  • მან დასძინა, რომ ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში, რეგიონში აშშ-ის ინტერესები ირანული რაკეტების მოქმედების არეალში აღმოჩნდება.
  • „ჩვენ არ ვცდილობთ ომების გაჩაღებას, მაგრამ არც მათი გვეშინია და მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ირანის ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.

რა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში: ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ ალ ბუსაიდი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მთავარი მედიატორია, პარასკევს ვაშინგტონს სტუმრობს ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან შესახვედრად, აცხადებენ წყაროები.

მსგავსი სიახლეები