JP: ბირთვული იარაღის შემდეგ AI ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა

ხელოვნური ინტელექტის განვითარება ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკაზე, ძალთა ბალანსზე მსოფლიოში და გლობალურ ეკონომიკაზე - ამ თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის გავლენა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოგონებას შევადაროთ. 

ვითარების არსი: ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის J.P. Morgan Chase-ის გეოპოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშშია საუბარი. 

  • ანგარიშში სათაურით "ხელოვნური ინტელექტის გეოპოლიტიკა" ნათქვამია, რომ ტექნოლოგიის განვითარების კუთხით ამერიკა უპირობო ლიდერია, თუმცა ლიდერობის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება არაკომფორტული გადაწყვეტილებებიც. 
  • ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე გავლენის თვალსაზრისით ანგარიშის ავტორები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ, რამაც შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა ახალ ტექნოლოგიასთან მიმართებით. 
  • "ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე, ან მასთან მომიჯნავე კერძო სექტორი სახელმწიფოს აღიქვამს როგორც პარტნიორსა და უშუალო ინვესტორს"- ნათქვამია ანგარიშში. 

დიდი სურათი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შეცვლილი დამოკიდებულების მაგალითად ანგარიშის ავტორები კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში (HP) ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ შეძენილ წილს ასახელებენ. 

  • "შეერთებული შტატები ცვლის გლობალურ პირობებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები განსაზღვრავენ თავიანთ პრიორეტიტებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით"- ნათქვამია ანგარიშში. 

ჩაშლილად: "როცა ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ ამერიკის მდგომარეობას არცერთი სხვა ქვეყნის პოზიციაზე არ გავცვლიდი"- ამბობს Axios-სთან საუბარში, კვლევის ავტორი დერეკ შოლე. 

  • მისი თქმით, აშშ დომინირებს ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციების მოცულობით. 

  • ამასთანავე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა როგორიცაა ტარიფები და სტუდენტურ ვიზებზე დაწესებული შეზღუდვები პოტენციურად ხელის შემშლელია.

რას უნდა მივადევნოთ თვალი: შოლეს თქმით, ბირთვული იარაღის გამოგონების შემდეგ  ხელოვნური ინტელექტი გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

  • "ბირთვული ეპოქის დადგომაში განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოები ასრულებდნენ, ხოლო ხელოვნური ინტელექტის კუთხით განვითარების მთავარი დრაივერი კერძო სექტორია და სახელმწიფოებს უწევთ ადაპტირება"- ამბობს შოლე. 

  • JP Morgan Chase-ის შეფასებით უკვე გამოკვეთილია 7 სტრატეგიული მიმართულება, რომელიც შეცვლის მომდევნო ასი წლის გეოპოლიტიკას და ეს შვიდეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

  1. აღმავალი ჩინეთი - ჩინეთი უზარმაზარ რესურსს ხარჯავს ახალი ტექნოლოგიის განვითარებასა და "გლობალური ლიდერის" იმიჯის შესაქმნელად;

  2. ამერიკის პრიორეტეტები - ანგარიშის ავტორების შეფასებით ამერიკა დაკავებულია პრიორიტეტების გადალაგებით და მომდევნო ათწლეულებში მთავარი ამოცანა ჩინეთის მზარდი გლობალური გავლენის დაბალანსება იქნება; 

  3. ევროკავშირი - ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად დაძლიოს დამოკიდებულება უცხოურ ტექნოლოგიებზე და განავითაროს ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ტექნოლოგიები;

  4. ახლო აღმოსავლეთი - რეგიონის ქვეყნების მსხვილი სუვერენული ფონდები და ენერგეტიკა აუცილებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად; 

  5. შრომის ბაზრის ცვლილება და პოპულიზმი - ხელოვნური ინტელექტის დანერგვა გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის;

  6. თავდაცვა - ანგარიშის ავტორების ცნობით, იმ ქვეყნების არმიებს, რომლებიც ყველაზე სწრაფად შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას მომდევნო ათწლეულებში გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა ექნებათ; 

  7. ენერგეტიკა - ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ ქვეყნებს, რომლებიც შეძლებენ დენის გამომუშავების გაზრდას. 

მსგავსი სიახლეები