ევროკომისარი კოსი ევროპულ ინსტიტუტებზე "ქართული ოცნების" თავდასხმებს გმობს

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.

ვითარების არსი: "განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ," - აღნიშნა ევროკომისარმა.

  • მისი თქმით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.
  • "ამიტომ, ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი," - ხაზი გაუსვა მარტა კოსმა.

ჩაშლილად: 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელებენ. ასევე მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული საქმეებზე. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და ძალადობის შემთხვევებზე.

მსგავსი სიახლეები