ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შეხვედრა გაუქმდა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო გაუქმდა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ რეალპოლიტიკას გადაწყვეტილებაში გაცნობიერებული წყარო აწვდის - ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.
- შეხვედრას გაუქმება ჩვენს ჟურნალისტს დაუდასტურეს ევროკომისარის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის ოფისში - წყაროს ცნობით, შეხვედრის გაუქმების მიზეზი "ქართული მხარის მიერ შექმნილი დაბრკოლება იყო."
- ამასთანავე ჰიპერის ოფისში გვიდასტურებენ, რომ ევროკავშირი მზად არის მომავალში ჩაატაროს შეხვედრა, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს.
ჩაშლილად: ვითარებაში გაცნობიერებული წყარო რეალპოლიტიკას ეუბნება, რომ შეხვედრა საქართველოს დელეგაციაში საქნცირებული პირის ყოფნის გამო გაუქმდა.
- რედაქციისთვის უცნობია თუ კონკრეტულად ვისზე, ან ევროკავშირის რომელი წევრის მიერ სანქცირებულ პირზეა საუბარი.
- ევროკავშირს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ერთობლივი სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია - ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართებით ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.
დიდი სურათი: ადამინის უფლებების შესახებ დიალოგის ტექნიკური შეხვედრა თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე გაუქმდა.
- მიმდინარე წლის გაფართოების ანგარიში ქართული ოცნების მიმართ უპრეცედენტოდ კრიტიკული შინაარსით გამოირჩეოდა - ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოს "მხოლოდ ნომინალურად აქვს."
კონტექსტი: ბრიუსელი საქართველოს გასულ თვეებში მიღებული "ანტი-დემოკრატიული" კანონების გაუქმებას სთხოვს, რომლის მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედიები არიან და რომელიც ზღუდავს შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას.