ტრამპის თქმით, ირანზე დარტყმები არაბი ლიდერების თხოვნით, "2-3 დღით" გადადო
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, 20 მაისისთვის დაგეგმილი ჰქონდა ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელება, თუმცა რამდენიმე არაბი ლიდერის თხოვნით ჯერჯერობით გადადო.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში (Truth) წერს.
- "ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო კამპანიის გადადება მთხოვა კატარის ამირმა, საუდის არაბეთის კრონ-პრინცმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა. მათი თხოვნა უკავშირდებოდა ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს, რომელიც ხვალ იგეგმება"- წერს ტრამპი.
- მისი თქმით, "სერიოზულ მოლაპარაკებებში" ჩართული ლიდერები ეუბნებიან, რომ შეთანხმების მაღალი შანსია, "შეთანხმების, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის."
- ტრამპის თქმით, შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი.
წინარეისტორია: 18 მაისს ვაშინგტონმა თეირანის ახალი სამშვიდობო წინადადება მიიღო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რამაც გაზარდა მოლოდინები, რომ ამერიკელი პრეზიდენტი საომარი მოქმედებების განახლებას გადაწყვეტდა.
- ცნობილი იყო, რომ 20 მაისს იგეგმებოდა ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნების საგანგებო შეხვედრა, რომელზეც სამხედრო გეგმები უნდა განეხილათ.
სტრიქონებს შორის: Axios-ის წყაროს ცნობით, გასულ 24 საათში ტრამპი ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ლიდერებს.
- წყაროს ცნობით, ერ-რიადის, დოჰასა და აბუ-დაბის გზავნილი ტრამპის მიმართ იყო, რომ "მიეცა დრო მოლაპარაკებებისთვის, რადგანაც საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ფასის გადახდა მათ მოუწევდათ."
- Truth-ში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო კამპანია "2-3 დღით" გადადო.
დიდი სურათი: სხვადასხვა მონაცემებით ეს როგორც მინიმუმ უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც დონალდ ტრამპმა ირანზე დაანონსებული იერიში გადადო.
- ამასთანავე, გასულ 2.5 თვის განმავლობაში ამერიკელმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.