კოსოვოს პრემიერი: მომდევნო წუთები და დღეები რთული და პრობლემური იქნება

კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთი რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს და ამ მიზნით ბოლო დღეების განმავლობაში პროვოკაციებს აწყობს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა თავის სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. 

"მომდევნო წუთები, დღეები და კვირები რთული და პრობლემური იქნება. ჩვენ შევეჯახეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ სერბულ ნაციონალ-შოვინიზმს. ჩვენ დღე და ღამე ვიმუშავებთ თქვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის. ერთად ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ კანონიერება და წესრიგი ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში", - განაცხადა ალბინ კურთიმ. 

კოსოვოს პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ მანამ სანამ რესპუბლიკაში ახალი დროებითი მოწმობები ამოქმედდებოდა, სერბების მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, მათ შორის სროლები კოსოვური პოზიციების მიმართ და სხვადასხვა სახის პროვოკაციები. 

კურთის თქმით, ვითარების დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლები სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი და სერბეთის კოსოვოს საკითხთა ოფისის ხელმძღვანელი პეტარ პეტკოვიჩია. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვო ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

დაძაბულობის მიზეზი კოსოვოს მიერ მიღებული ახალი ზომა გახდა, რომლის მიხედვითაც კოსოვოს ტერიტორიაზე შესულ მოქალაქეებს გადაეცემათ დროებითი დოკუმენტები, ხოლო სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულად მიიჩნევა.

თავის მხრივ პრიშტინაში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც გამოიწვია სერბეთის გადაწყვეტილებამ არ ცნოს კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია. 

 

მსგავსი სიახლეები